14.12.2012
ინტერვიუ კახა კაჭარავასთან
"ზესტაფონს" ჯერ საკუთარი თავის რწმენა უნდა დავუბრუნო
"ზესტაფონის" ბანაკში მოვლენები ბოლო დღეებში ელვისებური სისწრაფით იცვლებოდა, რასაც, საბოლოოდ, გუნდიდან მთავარი მწვრთნელების, დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის წასვლა მოჰყვა.
სამაგიეროდ, არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია "ზესტაფონიდან" ოთხი ფეხბურთელის - ზურაბ მენთეშაშვილის, თორნიკე აფციაურის, ზაალ ელიავასა და ზურაბ მამალაძის წასვლის თაობაზე. ისინი სხვებთან ერთად ვარჯიშობენ და შესაძლოა, მათი ნაწილი მოედანზე უახლოეს ტურშივე ვიხილოთ.
შეგახსენებთ, წინა ტურში "ზესტაფონმა" შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურასთან" 1:3 რომ დამარცხდა.
ის მატჩი ფეროელებმა დუბლშემადგენლობის მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, 13 დეკემბერს კი საზოგადოებისთვის "ზესტაფონის" ახალი დამრიგებლის ვინაობა გახდა ცნობილი.
ეს კახა კაჭარავა გახლავთ, რომელიც ამჟამად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, სამწვრთნელო კარიერის უდიდესი პერიოდი კი თბილისის "დინამოში" აქვს გატარებული.
46 წლის კაჭარავას "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს ჯერ ვერ ვუწოდებთ. იგი იმერულ კლუბში ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით იმუშავებს და ამის შემდეგ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა "ზესტაფონში" მოღვაწეობას.
კაჭარავას გუნდთან ერთად ერთი კონკრეტული ამოცანა აქვს გადასაჭრელი - "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგის საუკეთესო ექვსეულში უნდა მოხვდეს. პირველი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და ფეროელები მდევარ "მეტალურგს" ორიოდე ქულით უსწრებენ.
13 დეკემბერს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ზესტაფონმა" საკუთარ ბაზაზე პირველად ივარჯიშა. 15 დეკემბერს კი იმერული კლუბი ბოლნისის "სიონს" მასპინძლობს და უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ მატჩისთვის ბევრად ძლიერ შემადგენლობას მოუყრის თავს, ვიდრე წინა ტურში.
თუმცა დანაკლისიც არის - ტრავმირებულია ზესტაფონელთა ნახევარმცველი ლევან შარიქაძე, ხოლო თორნიკე გორგიაშვილსა და მამუკა კობახიძეს სიცხე აქვთ.
"ლელო" კახა კაჭარავას ესაუბრა.
- თქვენი "ზესტაფონში" დარჩენა-არდარჩენა პირდაპირ არის დამოკიდებული ზეექვსეულში მოხვედრა-ვერმოხვედრაზე?
- საკითხი ასე კონკრეტულად არ დგას. მთავარია, გუნდის პროგრესის ნიშნები გამოჩნდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო ექვსეულში დასამკვიდრებლად.
პირველი ეტაპის დასრულებისთანავე "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასთან ჩემს მომავალზე ვიმსჯელებთ. დღეს კი კონტრატზე და შორსმიმავალ გეგმებზე საუბარი ნაადრევია, ახლა მთლიანად მიმდინარე წელს დარჩენილ სამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი.
- რით ახსნით "ზესტაფონის" ასეთ არასტაბილურ ასპარეზობას?
- ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი მიზანშეწონილი არ იქნება. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და არ იქნება სწორი, ჩემი კოლეგების მუშაობა რომ შევაფასო. მე შემიძლია, საკუთარ ნამუშევარზე ავიღო პასუხისმგებლობა და გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღო.
- ზეექვსეულში მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებთ?
- "მეტალურგს" ორი ქულით ვუსწრებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთაა. საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გვყავს და წინ დიდი ბრძოლები გველის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ეს რბოლა "ზესტაფონის" გამარჯვებით რომ დასრულდეს.
- თქვენი უპირველესი ამოცანა, ალბათ, გუნდში ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
- ორ-სამ დღეში ვერცერთი მწვრთნელი შეძლებს გუნდის გარდაქმნას, აი ფეხბურთელთათვის საკუთარი თავის რწმენის მოკლე დროში დაბრუნება კი სრულიად შესაძლებელია.
ჩემი უპირველესი ამოცანა სწორედ ეს არის და მჯერა, "სიონთან" მატჩში ეს უკვე გამოჩნდება, ახლო მომავალში კი იმასაც შევძლებ, "ზესტაფონში" ჩემი საფეხბურთო ხედვა განვახორციელო.
- პირველი ეტაპის ბოლო ტურში "დინამოს" ეთამაშებით. ამ მატჩს პირადად თქვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს...
- რასაკვირველია, ეს ჩემთვის ერთი რიგითი შეხვედრა არ იქნება. "დინამო" სერიოზულ აღმავლობას განიცდის და მის წინააღმდეგ თამაში იოლი არ არის. თუმცა სჯობს, "დინამოსთან" მატჩზე ვრცლად მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ახლა მთლიანად "სიონთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებულნი.
- საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს ზოგადად როგორ შეაფასებთ?
- სამწუხაროდ, დონეში რაიმე ხელშესახებ პროგრესს ვერ ვხედავ.
- "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს თქვენს გარდა ვინმე თუ შეემატა?
- ჯერჯერობით, არა. სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტებაზე იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ ჩემი "ზესტაფონში" დარჩენა გადაწყდება.
- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხართ. როგორ აპირებთ ამ ორი საქმის შეთავსებას?
- შეთავსებას არ ვაპირებ. "ზესტაფონში" იმიტომ მივედი, რომ ამ წლის ბოლომდე ნაკრები აღარ იკრიბება. თუ "ზესტაფონთან" პირველი ეტაპის შემდეგ კონტრაქტი გავაფორმე, ნაკრებს აუცილებლად დავტოვებ...
იბეჭდება შემოკლებით ...
|