2012 წლის 11 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის სამწვრთნელო დუეტის იმერული კლუბიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მესაჭის ფუნქცია დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელს გიორგი მიქაძეს დაეკისრა. გუნდის ახალმა დამრიგებელმა შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა და ივანწმინდაში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ორგზის ჩემპიონები ექსპერიმენტალური შემადგენლობით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.
თამაშის სადებიუტო ნაწილი უფრო აქტიურად სტუმრებმა ჩაატარეს და საჩხერელთა კიპერთან ფაქტიურად პირისპირ გასული ოთარ კვერნაძის ვერგამოყენებულ მომენტს რამდენიმე წუთში მიშიკო სარდალიშვილმა გოლი მოაყოლა - 12-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძის მიერ შეტევის მარცხენა ფლანგზე განხორციელებული რეიდისა და მასპინძელთა საჯარიმოში ბურთის ჩაწოდების შემდეგ, გურამ სამუშიას დარტყმული მცველმა უკუაგდო, ხოლო სარდალიშვილის დამატებული გოგიტა სომხიშვილისათვის აუღებელი აღმოჩნდა.
მასპინძლებმა ანგარიში ზუსტად 2 წუთის შემდეგ კურიოზული გოლის წყალობით გაათანაბრეს - ნიკა კვასხვაძის მიერ ზესტაფონელთა საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ ხელში ვერ შეიმაგრა... 23-ე წუთზე კი წინ უკვე მასპინძლები გავიდნენ - ზესტაფონელთა მეკარე ვაჟა ლომაშვილის მიერ ძლიერად დარტყმულს კი გაუმკლავდა, თუმცა ბურთი სწორედ იქ მოიგერია, სადაც მას ეულად დარჩენილი დავით კირკიტაძე ელოდა ... ტაიმის ბოლომდე გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ იგორ იელიჩი დაემაუქრა საჩხერელთა კარს, ხოლო შემდეგ როინ კვასხვაძესთან პირისპირ გასულმა ბესიკ დეკანოიძემ ბურთი კარს ააცილა.
სტუმრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და მასპინძლები გვარიანად ანერვიულეს კიდეც. შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გოლის გატანა დავით რაჟამაშვილს მართებდა, თუმცა მახვილი კუთხიდან მისი "ჩახვეული" ოდნავ ასცდა "ჩიხურას" კარს. ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს 70-ე წუთზე მიეცათ - მასპინძელთა კართან შექმნილი არეულობისას, მიშიკო სარდალიშვილმა თითქოს საგოლედ მოიქნია ფეხი, თუმცა გოგიტა სომხიშვილმა თავის გუნდი აშკარა გოლისაგან მაინც იხსნა. აქედან 5 წუთში მატჩის ბედიც საბოლოოდ გადაწყდა - შეცვლაზე შესულმა გაგა ჩხეტიანმა კიდევ ერთი გოლით გაახარა საკუთარი გულშემატკივარი - "ჩიხურას" გამარჯვება ანგარიშით 3-1.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გიორგი მიქაძე ("ზესტაფონი"): ,,ფაქტობრივად, სათადარიგო გუნდით ვითამაშეთ. ბიჭებმაც, რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. დაწინაურება მოვახერხეთ, შემდგომშიც გვქონდა გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საინტერესო მატჩი გამოდგა. რა უნდა ვთქვა, ჩემპიონატის წინასწარი სტადიის დასრულებამდე 3 ტური დარჩა. მოწინავე ექვსეულში მოსახვედრად, ჩვენი ყოველი თამაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.” სოსო ფრუიძე ("ჩიხურა"): ,,ამ გამარჯვებით, ზედა ექვსეულში ადგილი საბოლოოდ გავინაღდეთ. ეს ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი გახლდათ. ოღონდ, გამოჩნდა, რომ მეტი შეგვიძლია და დარჩენილ შეხვედრებშიც არ დავზოგავთ თავს. მებრძოლი მეტოქე გვყავდა, რომელსაც გამოცდილების ხარჯზე ვაჯობეთ.”
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 15 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩში იმერლები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” ზესტაფონში დაუხვდებიან.