03.12.2012
დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური
3 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი (ჯიქიძე, 59), შალამბერიძე (რობაქიძე, 79), გაგოშიძე, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, რაჟამაშვილი (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვერნაძე (კიკნაძე, 46), ბარაბაძე (ეგუტიძე, 56), სამუშია.
შეხვედრის სადებიუტო ნაწილი გუნდებმა ინიციატივის დასაუფლებლად გამართულ დაძაბულ ბრძოლაში გალიეს. თუმცა, თანდათან სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და პირველი ტაიმის მიწურულს ერთმანეთის მიყოლებით მეტოქის კარში სამი გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა დავით რაჟამაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ თავი ოთარ კვერნაძემ გამოიჩნა. 37-ე წუთზე თავი თორნიკე გრიგალაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც თანაგუნდელის გრძელი დიაგონალური გადაცემა ოსტატურად დაამუშავა და სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ დარჩენილმა ოპონენტს შანსი არ დაუტოვა. სანამ სტუმრები მოვლენათა ასეთი განვითარების გამო გონს მოვიდოდნენ, ნოდარ გაჩეჩილაძემ მესამედ აიღო ვეტერინართა კარი და დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობასთან დაკავშირებულ საკითხს საბოლოო პასუხიც გასცა.
მასპინძლები მეორე ტაიმშიც უკეთ გამოიყურებოდნენ და ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებიც მრავლად ანიავეს. თავის მხრივ, მატჩის მიწურულს სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გასატანად გაიწიეს, თუმცა ამის გაკეთების საშუალება მათ არ მისცა კახა მეშველიანმა, რომელმაც დღეს ძალიან საიმედოდ იასპარეზა - ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლეთა გოლკიპერმა საკუთარი კარის გადარჩენა წარმოუდგენელი რეაქციის წყალობით მოახერხა. მატჩის უკანასკნელ 90-ე წუთზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაამწუხრეს თბილისელები - გოლი გუგა კიკნაძის ანგარიშზეა. ზესტაფონელთა დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 4-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|