Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

01.12.2012

 

 

 

 

 

 

ციფრებში დანახული "ზესტაფონი"-"ვიტ-ჯორჯია"

 

 

 

 

 

 

 

 

 

კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

 

 

"ვიტ-ჯორჯიას" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს... რაც შეეხება პირადი შეხვედრების სტატისტიკას, აქ უპირატესობას ხან ერთი მხარე ეუფლებოდა, ხანაც მეორე.

 

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში სოლიდური "ჰანდიკაპიც" შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად ბოლო ორ სეზონში შეცვალეს - ორი ზესტაფონური ოქროს "ჭედვისას" მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებაც შემატეს და სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე თავად დასავლელები იწონებენ.

 

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" ერთმანეთში 24-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 4 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 38:33 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

 

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ვეტერინართა და მარგველთა გზები ორჯერ გადაიკვეთა - თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს...

 

საინტერესოა ის, რომ "ვიტ-ჯორჯიას" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - იმერულ კლუბში სწორედ ვეტერინართა რიგებიდან მოსულ ფეხბურთელს თავის ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას - 4 გატანილი გოლი. 3-3-ჯერ მეტოქის კარის ბადე რატი წინამძღვრიშვილსა და ჯაბა დვალს (ამ უკანასკნელის შემთხვევაში, სათასო მატჩების ჩათვლით) შეურხევიათ ...

 

"ვიტ-ჯორჯიასთან" 2 დეკემბერს გასამართი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012