27.11.2012
მზადება, ისტორია და შეხვედრა ქომაგებთან
ხვალ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი ეროვნული თასის მფლობელ გორის ”დილას” დაუპირისპირდება.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და გორის "დილას" დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 18 შეხვედრას ითვლის. მარგველთა და შიდაქართლელთა მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 15 შეხვედრაში გუნდებს ფრედ არც ერთხელ არ უთამაშიათ, 12 ზესტაფონელებმა მოიგეს და მხოლოდ 3 მატჩში გამარჯვება "დილამ" იზეიმა. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირობო უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 32-12.
გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ სრული თანაფარდობაა - 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5.
რამდენიმე დღის წინ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზმა ძალიან საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლა - დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის წევრებს შეხვდნენ - გაიმართა გულახდილი საუბარი გუნდში დღესდღეობით არსებულ ვითარებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გულშემატკივართათვის და გუნდისათვის საჭირბოროტო საკითხების და მათი მოგვარების გზების შესახებ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. აქვე გთავაზობთ ფოტომასალას, რომელზეც ზესტაფონელთა მწვრთნელთა დუეტის გულშემტკივრებთან ამასწინანდელი შეხვედრის ფრაგმენტებია ასახული.
სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩისთვის ზესტაფონელები საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. გორელებთან ხვალ გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მას 6 მსაჯი მოემსახურება. ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხზე” გადაიცემა.
|