Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

24.11.2012

 

 

 

 

 

 

რთული მატჩი ფოთელებთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” უმასპინძლა...

 

 

"ზესტაფონმა" პირველობის აუტსაიდერ "კოლხეთთან" დიდი ბრძოლა გადაიტანა, თუმცა კერკეტ მეტოქესთან მაინც გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გვარიანად ინერვიულა და ანერვიულა სტადიონზე შეკრებილი ქომაგობა, თუმცა მეორე ტაიმის უკეთ ჩატარების ხარჯზე მაინც გატეხა ლიგის უდავო აუტსაიდერი "კოლხეთი"...

ბურთი და ტერიტორია მთელ შეხვედრაში "ზესტაფონისა" იყო, თუმცა სოსო ფილიას "კოლხეთი" კარგად იცავდა თავს და არც სახიფათო კონტრშეტევებზე ამბობდა უარს. მასპინძელთა თამაშში კი შემოქმედებითი მოქმედებების დეფიციტი იგრძნობოდა და ვერც ეული ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი ამწვავებდა სიტუაციას.

სტუმრებმა მე-14 წუთზე გაიტანეს. ილია პავლიაშვილმა საჰაერო ბრძოლა მოუგო ზესტაფონელ მცველებს და ახლო მანძილიდან მძლავრი თავურით დალაშქრა როინ კვასხვაძის კარი... მალევე გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა შოთა ბაბუნაშვილს, მაგრამ არავინ იცის, როგორ ვერ მოახერხა იმ ეპიზოდში გამოცდილმა ნახევარმცველმა თავის გამოჩენა...

45-ე წუთზე ანგარიში მაინც გათანაბრდა. დიდ ფეხბურთში მობრუნებულმა ალექს ბენაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას თამაში შეუძლია და გოლების გატანაც ძალუძს - საჯარიმო დარტყმა "ზესტაფონის" უნივერსალმა ისე შეასრულა, რომ ლევან ბუბუტეიშვილს თავისიანების ხსნის იოტისოდენა შანსიც არ ჰქონია.

მეორე ტაიმი "ზესტაფონმა" უკეთ ჩაატარა... მარგველებს ზნედ დასჩემდათ - ეროვნული ჩემპიონატის გრანდებს ტოლ-სწორად ებრძვიან და ხშირად ჯაბნიან კიდეც, კლასით დაბალ მეტოქესთან კი იოლ გამარჯვებაში დარწმუნებულნი გადიან მინდორზე და ავიწყდებათ, რომ ფეხბურთი ხშირად ასეთ რამეებს არ პატიობს...

მასპინძლებმა მძლავრად შეუტიეს და ერთ-ერთ ეპიზოდში ზედიზედ ოთხი კუთხური მოაწოდეს კოლხთა კართან. შეტევაში ჩართულმა თედორე გრიგალაშვილმა თავური ააცილა. პატრიკ მილხრაუმმა სახიფათო გარღვევებს უმატა. გოლი მწიფდებოდა და გავიდა კიდეც. 74-ე წუთზე მილხრაუმმა უძლიერესად დაარტყა მეტოქის კარისკენ, ბურთი გზად ლევან შარიქაძეს შეეხო და ისე აღმოჩნდა ფოთელთა კარში.

დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილმა გუნდმა მშვიდად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე. "ზესტაფონს" გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ ლევან შარიქაძემ მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა და 100-პროცენტიანი საგოლე მომენტიც გაფლანგა...

 

 

24.11.2012. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი” (ფოთი) 2-1

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში იმერლები გორს ესტუმრებიან. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის ”მეორე არხზე” გადაიცემა.

 

 გამოყენებულია ალეკო კაკაურიძის სტატია. ინტერნეტ-საიტი www.psoni.ge

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012