23.11.2012
"ზესტაფონი" ფოთელებთან შეხვედრებში
შაბათს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში ქვეყნის ჩემპიონი ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ფოთის "კოლხეთს" ერთმანეთში 15-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 2 დასრულდა ფრედ, 3 კი მოიგეს ზღვისპირელებმა (ფოთელთა სამივე გამარჯვება ზესტაფონელთათვის სადებიუტო, 2004-2005 წლების სეზონზე მოდის). გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც შთამბეჭდავ უპირატესობას იმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 27:10.
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში კოლხთა და მარგველთა გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - თასის ბოლო გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მოპოვებულ მინიმალურ გამარჯვებას (2-1) იმერლებმა სტუმრად (მატჩი ლანჩხუთში გაიმართა) უგოლო ფრე შეჰმატეს.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ფოთელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძესა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ - მათ ანგარიშზე 4-4 გოლია. 3-3-ჯერ მეტოქის კარის ბადე შეურხევიათ თორნიკე აფციაურსა და თორნიკე გორგიაშვილს. ჯაბა დვალს კი "კოლხეთის" კარი 2-ჯერ (ხოლო სათასო მატჩების ჩათვლით - 4-ჯერ) აქვს აღებული,..
ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთთან" 24 ნოემბერს გასამართი შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
|