Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

22.11.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი კაჭკაჭიშვილთან

 

მიხარია რომ "ზესტაფონში" დავბრუნდი, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩს ჩემპიონი ფოთის "კოლხეთთან" გამართავს. "ზესტაფონი" ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, "კოლხეთი" კი სამი ქულით ცხრილის ბოლო ადგილზეა. იმერულ გუნდს ბოლო დროს უიღბლობა დასჩემდა, ჯერ იყო და რუსთავში კურიოზული გოლით დაკარგეს ორი ქულა, შემდეგ "ჩელე არენაზე", ბათუმის "დინამოსთან" ორჯერ დაწინაურების მიუხედავად, ვერ მოახერხეს ანგარიშის შენარჩუნება...

Geosports.ge ფოთელებთან მატჩის წინ "ზესტაფონის" მცველ გიორგი კაჭკაჭიშვილს ესაუბრა, რომელიც ამ ზაფხულს, გიორგი ჭიაბრიშვილის მწვრთნელობის დროს, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა ჩემპიონთა ბანაკს. გიორგი 21 წლისაა, მას "ზესტაფონში" მანამდეც უთამაშია და გუნდში ადაპტაციის პრობლემა არ შექმნია.

 

- გასულ ტურში შენს ყოფილ კლუბს დაუპირისპირდი. ბათუმის "დინამო" ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერია, მათთან ორჯერ იგებდით და ვერ მოახერხეთ ანგარიშის შენარჩუნება, რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

- შეცდომების ბრალი იყო, რაღაც მომენტში მოვდუნდით. ამას ემატება ის სიტუაცია, რაც ქობულეთიის სტადიონზე დაგვხვდა… ცოტა უიღბლობაც და ეს ყველაფერი მეტოქემ თავის სასიკეთოდ კარგად გამოიყენა.

 

- ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ, კარიერაში მრავალი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა  "ზესტაფონთან" ერთად მოგიწევს, რას იტყვი კლუბის შესახებ, როგორ გრძნობ თავს?

- "ზესტაფონში" გიორგი ჭიაბრიშვილის დროს დავბრუნდი, ჩემს დაბრუნებაში მთავარი როლი სწორედ მან ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. გუნდს რაც შეეხება, "ზესტაფონში" ორი წლის წინაც ვთამაშობდი და მიხარია რომ დავბრუნდი. ძალიან კარგი, მეგობრული ატმოსფეროა, კარგად ვგრძნობ თავს. ყველანაირი პირობაა შექმნილი ფეხბურთელისთვის საიმისოდ, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს და ითამაშოს. ჩემი მიზანი გუნდთან ერთად ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაა.

 

- მომდევნო მატჩი "კოლხეთთან" გაქვთ, როგორ ემზადებით?

- "კოლხეთი" კარგი გუნდია. ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, რაღაც პრობლემები აქვთ და იმედია მალე აეწყობიან. ჩვენ კი, როგორც თითოეულ თამაშზე, აქაც მოსაგებად გავალთ. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით, ეს ფოთთან იქნება თუ სხვა ნებისმიერ გუნდთან.

 

- რას გვეტყვი გულშემატკივრებზე...

- ზესტაფონში უყვართ ფეხბურთი, ხალხი დადის სტადიონზე და მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობთ. ფეხბურთელისთვის გულშემატკივრის სიმრავლე ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს ყველაფერი მოქმედებს თამაშის დროს. ჩვენც ვგრძნობთ მათ თანადგომას, რაც კარგ განწყობას გვიქმნის.

 

იბეჭდება შემოკლებით...

ფოტო საიტიდან www.fcdinamo.ge

ბაჩანა ცხადაძე, www.geosports.ge

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005