2012 წლის 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. ქობულეთის "ჩელე-არენაზე" ბათუმის საფეხბურთო კლუბმა ”დინამომ” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
მატჩი, რომლის გამართვაც, პროფესიული ფეხბურთის სათამაშოდ საჭირო ელემენტარული ნორმების შეუსრულებლობისა და დიდი საორგანიზაციო წუნის გამო, ჩაშლის პირას იყო, მაინც გაიმართა და ფრედ 3-3 დასრულდა.
სტადიონზე მისულ ზესტაფონელ ფეხბურთელებს მათი კუთვნილი გასახდელი... დაკავებული დახვდათ. სტუმრებისთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ქობულეთის სტადიონზე კვლავაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, თუმცა ის, რომ კალენდარულ შეხვედრაზე ჩამოსულ უმაღლესი ლიგის გუნდს გასახდელი ყოვლად მოუმზადებელი დახვდებოდა, ეს მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ზესტაფონელებს ტალახიან და ორთქლში გახვეულ "აპარტამენტებში" მოუხდათ განთავსება, აღმოჩნდა, რომ ამ "აპარტამენტებში" შეღწევაც არ გამოდგა იოლი საქმე (სკამების ნაწილი "დისლოკაციის" ადგილას თავად სტუმრებმა შეიტანეს ...) და მოხერხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მატჩის დაწყებამდე რჩებოდა საათზე ოდნავ მეტი. თავგადასავლები გაგრძელდა იმით, რომ, სანკვანძის მეტად ორიგინალური განლაგებისა და კონსტრუქციის, უფრო სწორედ, ასეთის არარსებობის გამო, მატჩისწინა დარიგების გასახდელში გამართვა უბრალოდ შეუძლებელი გახდა. შექმნილი ვითარებისა და წინასამატჩო მასამზადებელი ღონისძიებების ჩაშლის შესახებ სტუმრებმა საგანგებოდ აცნობეს მატჩზე მივლინებულ ოფიციალურ პირებს, რომლებიც აღშფოთებულ სტუმრებს არსებული ვითარების ასახვას ოფიციალურ პატაკში დაპირდნენ...
ასეთი უსიამოვნო დასაწყისის შემდეგ ძალიან რთულია ფეხბურთზე საუბარი, არადა მატჩი ძალიან საინტერესო და სახანახაობრივი გამოდგა. მასპინძელთა რიგებში განსაკუთრებული გამორჩევის ღირსია ამირან მუჯირის ბრწყინვალე ასპარეზობა. ბათუმელთა უბერებელი ნახევარმცველი საკუთარი გუნდის შეტევების სულისჩამდგმელი გახლდათ და დიდწილად მისი დამსახურებაა ის, რომ ზღვისპირელებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს. სწორედ მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ შეხვედრის 10-ე წუთზე ალექსანდრე ბაციკაძემ თავის გუნდის დაწინაურება შეძლო. 24-ე წუთზე ალექს ბენაშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა და პირველი ტაიმიც ფრედ 1-1 დასრულდა.
ზესტაფონელები გამარჯვების მოსაპოვებლად იყვნენ მომართულები და 70-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა წინ უკვე სტუმრები გაიყვანა, მაგრამ 8 წუთის შემდეგ ბათუმელმა ირაკლი ცნობილაძემ ანგარიში ისევ გაათანაბრა. 85-ე წუთზე სტუმრები უმაღლეს ლიგაში გატანილი სადებიუტო გოლით შეცვლაზე შესულმა ბერდია შარვაძემ ისევ დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი ირაკლი ცნობილაძემ დუბლი შეასრულა, რითაც აჭარელ ქომაგს ძალიან დიდი სიხარული მიანიჭა - ფრე 3-3.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 24 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩში იმერლები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” ზესტაფონში დაუხვდებიან.