Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

17.11.2012

 

 

 

 

 

 

იმერულ-აჭარული არითმეტიკა

 

 

 

 

 

 

 

2007 წლის 7 აპრილი. "ზესტაფონი" - "დინამო" (ბათუმი) 4-0

კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. ქობულეთის სტადიონი "ჩელე-არენა" ბათუმის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" და ზესტაფონელთა მორიგ დაპირისპირებას უმასპინძლებს - საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი აჭარას ესტუმრება.

 

 

აჭარელთა და მარგვეთის მხარის წარმომადგენელი კლუბის ("ზესტაფონის") დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლის 18 სექტემბერს იღებს სათავეს - "ზესტაფონისა" და ბათუმის "დინამოს" პირველ მატჩს ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა სტუმართა გამანადგურებელი მარცხით 5-0 დასრულდა. საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ დღემდე ეს ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როდესაც მარგველებმა აჭარლებთან დაპირისპირება დათმეს. აქვე ვთვათ ისიც, რომ ეს მარცხი და შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიში ზესტაფონელთათვის დღემდე უსიამოვნო რეკორდი გახლავთ.

 

იმერული კლუბისათვის სადებიუტო სეზონის მეორე წრის შეხვედრა 2004 წლის 20 ნოემბერს ზესტაფონში შედგა და მასპინძელთა მცირე რევანშითაც დასრულდა - 2-1. გამარჯვებულთაგან გოლები გოჩა სულაკაძემ და დავით ჩიღვინაძემ გაიტანეს. მორიგი მატჩი 2005 წლის 20 მარტს ბათუმში გაიმართა და უგოლოდ 0-0 დასრულდა (სხვათაშორის, სწორედ 0-0 გახლავთ იმერულ-აჭარული დუელების ისტორიაში ყველაზე "პოპულარული" ანგარიში, ასეთი ანგარიშით 5 საჩემპიონატო და ერთიც სათასო შეხვედრა დასრულდა). შემდეგ მატჩს, რომელიც 2005 წლის 18 მაისს შედგა, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ლანჩხუთმა უმასპინძლა - შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა და ზაზა ზირაქიშვილის დუბლის წყალობით გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს - 2-0.

 

შემდეგი შეხვედრა უკვე საქართველოს XVII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. 2005 წლის 11 ნოემბერს მას ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის ფრედ 2-2 დასრულდა (იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გრიგოლ იმედაძემ და ზურაბ იონანიძემ გამოიჩინეს). მეორე წრის მატჩი 2006 წლის 22 აპრილს ზესტაფონში ჩატარდა და ფრედ 0-0 დასრულდა.

 

ასეთივე ანგარიშით დასრულდა XVIII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 2006 წლის 17 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული მატჩიც, სამაგიეროდ, 2007 წლის 7 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში ზესტაფონელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა - 4-0. შალვა ღონღაძის და გოგი ფიფიას გოლებს ნიკა კვასხვაძემ (2-0; 4-0) დუბლი მოაყოლა.

 

ზუსტად ასეთი ანგარიშებით დასრულდა ბათუმურ-ზესტაფონური მატჩები მომდევნო სეზონშიც - 2007 წლის 24 ნოემბერს ზესტაფონელებმა აჭარელი სტუმრები 4-0 (გიორგი (პაჭელო) ჭელიძე, ჟონატას ოლივეირა ტორესი, გოგი ფიფია და ზურაბ იონანიძე) დაამარცხეს, ხოლო 2008 წლის 11 მაისს გამართულ მატჩში 0-0 დაფიქსირდა.

 

კიდევ ერთი უგოლო ფრე, მასპინძელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, იხილა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მიმდინარე წლის 2 სექტემბერს. სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები 11-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, აქედან 4-ში იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს ბათუმელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 14:8 იმერელთა სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აჭარელთა და მარგველთა გზები სამჯერ გადაკვეთილა. 2004-2005 წლების თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის ბათუმში გამართული მატჩი 0-0 დასრულდა, ხოლო საპასუხოში კახა ჩხეტიანის ერთადერთმა გოლმა მასპინძლებს ნახევარფინალის საგზური მოუტანა. 2006-2007 წლების გათამაშებაში გუნდები ერთმანეთს უკვე ნახევარფინალში გადაეყარნენ - ამჯერად ზესტაფონელებმა საქმე პირველივე შეხვედრაში მოათავეს - 4-0 (ნიკა კვასხვაძე, გოგი ფიფია-2 (2-0; 3-0) და ზურაბ იონანიძე). ზესტაფონელებმა საპასუხო შეხვედრაც მოიგეს 1-0, თავი იმერელთა ბრაზილიერმა ლეგიონერმა ედსონ ოლივეირა სანტოსმა გამოიჩინა. სადღეისოდ ბოლო სათასო "დუელი" 2010-2011 წლების სეზონში ბათუმში შედგა - მასპინძლები ალექსანდრე ბაციკაძის გოლით დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი გიორგი ხიდეშელისა და ჯაბა დვალის გოლებით უპასუხეს - 1-2. თასზე გამართულ 5 შეხვედრაში ზესტაფონელებმა მოიგეს 4 და 1 დასრულდა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 8:1 მარგველთა სასარგებლოდ.

 

ზესტაფონელთაგან ბათუმელთა კარში სხვაზე ხშირად გოგი ფიფიას გაუტანია - მის ანგარიშზე 4 (2 ჩემპიონატში და 2 თასზე) გოლია. 3-3-ჯერ "დინამოს" კარის ბადე ზურაბ იონანიძესა და ნიკა კვასხვაძეს შეურხევიათ...

 

ბათუმის "დინამოსთან" ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" ხვალ გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005