16.11.2012
ინტერვიუ თედორე გრიგალაშვილთან
სადაც გუნდს დავჭირდები, იმ პიზიციაზე ვითამაშებ
ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ახაგაზრდა ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული თედო გრიგალაშვილია. 19 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" ასპარეზობს. მისი დებიუტი "ნეფტჩთან" მატჩის დროს შედგა - გამოუცდელმა ახალგაზრდა მოთამაშემ მაყურებელს თავი დამაჯერებელი თამაშით დაამახსოვრა. წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში კი გრიგალაშვილი გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
allsport-ი გთავაზობთ ინტერვიუს თედო გრიგალაშვილთან.
- როგორ მოხვდით "ზესტაფონში"?
- ჩემი პროფესიული კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად "სასკოში" ვიყავი, წელიწადნახევრის შემდეგ კი სინჯით "ზესტაფონის" დუბლებში ჩავირიცხე, ბევრს ვვარჯიშობდი და ვშრომობდი. ნელ-ნელა მივაღწიე იმას, რომ ძირითად გუნდში ადგილი დამემკვიდრებინა.
- თქვენ დუბლებიდან მალევე დაწინაურდით ძირითად გუნდში, იყო თუ არა რთული სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება?
- რა თქმა უნდა, რთული იყო. გუნდში ყოველთვის კონკურენცია და მკაცრი მოთხოვნებია. რთულია ორგზის ჩემპიონ გუნდში ადგილის დამკვიდრება, იქ სადაც ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, თუმცა ეს უფრო სტიმულს მაძლევს, ბევრი ვიშრომო, გავამართლო მწვრთნელის იმედები და ვიყო ძირითად შემადგენლობაში.
- ხომ არ გაგიჭირდათ ადაპტაცია თქვენზე ბევრად გამოცდილ ფეხბურთელებთან და გუნდის ძირითად ბირთვთან?
- თავიდან რასაკვირველია გამიჭირდა, მაგრამ ცოტა ხანი. "ზესტაფონი" მეგობრული გუნდია, კარგი ბიჭები არიან და ეს ბარიერი ადვილად გადავლახე.
- კლუბი ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონი, თუმცა წელს სათანადოდ ვერ გამოიყურება, როგორ ფიქრობთ, შესწევს თუ არა ძალა ამ ფორმაციის გუნდს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?
- ჩემპიონატი არეულად დავიწყეთ, თუმცა ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდა. ზამთარში გუნდის გაძლიერება იგეგმება. დღეისათვის ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, ზამთრის შემდეგ კი ჩემპიონობა იქნება მიზანი.
- პოზიციით ცენტრალური მცველი ხართ, ბოლო რამოდენიმე თამაში კი სხვა პოზიციაზე ითამაშეთ, ხომ არ გიქმნით დისკონფორტს ეს ცვლილება?
- ამპლუით მცველი ვარ, ნახევარდაცვაში რომ მეთამაშა, ალბათ ცოტა დისკონფორტი მექნებოდა, მაგრამ მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ ბოლო რამოდენიმე თამაშია და ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვაფასებ იმას, რომ მთავარი მწვრთნელი მენდობა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, სადაც გუნდს დავჭირდები, იქ დავდგები და ვითამაშებ.
- როგორი იყო თქვენი დებიუტი ევროსარბიელზე? ნერვიულობდით თუ არა?
- პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა გია ჭიაბრიშვილს, რომ მენდო და დამაყენა, ვაფასებ ამ მწვრთნელს. ემოციები მქონდა, ვნერვიულობდი, სანამ მოედანზე გამოვიდოდი. მანამდე არც უმაღლესში მქონდა ნათამაშები. დაძაბული ვიყავი, მაგრამ თამაშის დაწყებისთანავე ყველაფერმა გამიარა.
- რა იქნება თქვენთვის ყველაზე დიდი წარმატება?
- როგორც ყველა ფეხბურთელი მეც მინდა მაღალ დონეზე ვითამაშო. ჩემს გუნდთთან ერთად ჩემპიონი გავხდე და რამოდენიმე წლის შემდეგ კარგ ევროპულ გუნდში ვიასპარეზო.
- მომდევნო ტურის მატჩს ბათუმის "დინამოსთან" გამართავთ. როგორ ემზადება გუნდი მატჩისთვის?
- რთული თამაში იქნება, ჩვენ ყველა მეტოქეს ვაფასებთ და ყველა თამაშისათვის ერთნაირი სერიუზულობით ვემზადებით. მოგება გვჭირდება და მჯერა, თავდადებით და მონდომებით, მეტოქეს დავამარცხებთ. ჩვენ ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. წინა ტურში "ტორპედო" დავამარცხეთ და კარგი განწყობით ვხვდებით მოახლოებულ თამაშს.
|