Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

13.11.2012

 

 

 

 

 

 

მუჯირის სტრატეგია: ჯერ ექვსეული, მერე ჩემპიონობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავით მუჯირი. ზურაბ გენგიურის ფოტო, www.psoni.ge

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი მძიმედ დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა მოფერიანდა და სამეულსაც მიუახლოვდა. გვესაუბრება მარგველთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი დავით მუჯირი, ვინც ”ზესტაფონს” ზაზა ზამთარაძესთან ერთად წვრთნის. ახალგაზრდა მწვრთნელისათვის გუშინდელ გამარჯვებას განსაკუთრებული ფასი ადევს.

 

 

 

- ცხადია, დერბიში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველდღიური შეხება მაქვს ”ზესტაფონის” ქომაგებთან და ვიცი, როგორ ელოდნენ ისინი ამ შეხვედრას. ისიცაა, რომ ჩვენ ჩვენი სატურნირო მდგომარეობის გამო მატჩებს მნიშვნელოვნად და ნაკლებადმნიშვნელოვნად ვერ დავყოფთ - ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

 

ჩვენი გამარჯვება უპირველეს ყოვლისა განაპირობა იმან, რომ პირველიდან ბოლო წუთამდე არ დაგვიკარგავს კონცენტრაცია. მატჩის დასაწყისში იყო მომენტები, როცა ყურადღება მოვადუნეთ, თუმცა მეორე ნახევარში ჩვენი მითითება ბოლომდე შესრულდა. გამარჯვება ლოგიკურად მიმაჩნია.

 

- როცა გუნდს დუეტი ხელმძღვანელობს, ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ ნაწილდება ფუნქციები თქვენსა და ზაზა ზამთარაძეს შორის?

- თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ”ზესტაფონს” ყავს ერთი მწვრთნელი. როგორ ვავსებთ ერთმანეთს, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა.

 

- ამბობენ, ზამთარში გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდებაო. ვარაუდობენ ლეგიონერების გამოჩენასაც...

- ჩვენი პრიორიტეტი ჯერჯერობით ჩემპიონატის ის ფაზაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულები. ჯერ ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და ამასთანავე იმდენი ქულა უნდა დავაგროვოთ, რამდენიც სეზონის დასკვნით ნაწილში ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს.

 

- კმაყოფილი ხართ თუ არა ახალწვეულების, ბოტი გოასა და იგორ იელიჩის თამაშით?

- ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიყავით და ეს ფეხბურთელები ოქტომბერში დავიმატეთ. ისინი უგუნდოდ იყვნენ, არ გაუვლიათ წინასასეზონო შეკრება და ამ ეტაპზე ვერაფრით იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. ამ მოთამაშეებში პოტენციალი დავინახეთ. თუ გაამართლებენ  ჩვენს იმედებს, გუნდში დარჩებიან.

 

- იგეგმება თუ არა კონტრაქტის გახანგრძლივება პატრიკ მილხრაუმთან - ის ”ტორპედოსთან” მატჩში აშკარად საუკეთესო იყო...

- მილხრაუმის რეალური ძალა ვიცი და მას აშკარად მეტი შეუძლია. პატრიკმა ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცოს, რომ შეუცვლელია გუნდისათვის. არ დავმალავ - მისგან კიდევ მეტს ველით. ეს ფეხბურთელი თავის დროზე ტყუილად როდი იყო გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში. მილხრაუმიც გვიან შემოგვიერთდა. მას შეკრება არ გაუვლია გუნდთან ერთად და ცხადია, ჯერ ვერ იქნება იდეალურ ფორმაში. თუ დავინახავთ, რომ ის შეუცვლელია ”ზესტაფონისათვის”, კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც დაიწყება საუბარი.

 

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ გუნდის შენება დაცვიდან დაიწყეთ - ეს მხოლოდ ჩვენი აზრია თუ რეალობა?

- დაცვა დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ისე კი, იმ რესურსით უნდა გავიდეთ ფონს, რომელიც გვყავს. რთულია, როცა გუნდს შენი ხელმძღვანელობით არ გაუვლია მოსამზადებელი ეტაპი, შენ არ გიწარმოებია სელექცია, არ წაგიყვანია სამწვრთნელო პროცესი. ამის მიუხედავად, პროგრესი ჩანს, თუმცა ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო გვაქვს და გპირდებით, რომ არ მოვდუნდებით.

 

- რამდენიმე ქართულმა კლუბმა უკვე დაგეგმა მოსამზადებელი პერიოდი - ამ მხრივ რა ხდება ”ზესტაფონში”?

- ჯერ მხოლოდ ჩემპიონატზე ვართ გადართულები. მოსამზადებელი პერიოდი სრულად მას შემდეგ დაიგეგმება, რაც გავიგებთ, როდის განახლდება ჩემპიონატი. როგორც ვიცი, ფეხბურთის ფედერაცია მალე საბოლოოდ ჩამოყალიბდება ჩემპიონატის განახლების თარიღთან დაკავშირებით.

 

იბეჭდება შემოკლებით ...


ალეკო კაკაურიძე, ინტერნეტ-საიტი www.psoni.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005