Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

11.11.2012

 

 

 

 

 

 

ჩემპიონი სამეულს მიუახლოვდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა მორიგ იმერულ დერბის უმასპინძლა - ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და წინა სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელი ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” დაუპირისპირდნენ...

 

 

დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ყველაფერი ჩადო თამაშში, იომა და სამი ქულაც ალალად დაიმსახურა. სანახაობას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფრის დიდებულმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. 

 

თამაში საქართველოს კვალობაზე ძალიან ლამაზი, დაძაბული და საგოლე მომენტებით სავსე  იყო. ერთადერთი გოლი 25ე წუთზე გავიდა - “ზესტაფონის” მრავალსვლიანი შეტევა პატრიკ მილხრაუმმა საჯარიმოში ჩაწოდებით დაასრულა. ბურთი ერთერთ ტორპედოელს მოხვდა და თორნიკე გორგიაშვილს მიუვიდა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის უძლიერესმა დარტყმამ მიზანს უწია.

 

გოლამდეც თანაბარი თამაში იყო. თავიდან მომენტები “ზესტაფონს” უფრო ჰქონდა. გორგიაშვილს მიგინეიშვილმა აუღო, მეკარესთან პირისპირ გასულმა ღონღაძემ ქუთათურთა კიპერს ვერ აჯობა, აქვე ქუთათურთა კონტრიერიშიც: გიორგი ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მას კვასხვაძე და კაჭკაჭიშვილი ერთად ჩაუხტნენ და სიტუაცია განმუხტეს.

 

“ზესტაფონის” მიერ გატანილი გოლის შემდეგ ინიციატივა ხელთ “ტორპედო” იგდო. ერთის მხრივ, სტუმრებმა აშკარად მოუმატეს, მეორეს მხრივ კი ეს ზესტაფონელთა სამწვრთნელო შტაბის ჩანაფიქრიც იყო. გუნდმა შეგნებულად დათმო მინდვრის ცენტრი და სწრაფი ბოტი გოას იმედად კონტრშეტევებზე ჩასაფრდა.

 

მეორე ტაიმი მარგველა იერიშებით დაიწყო. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ბოტის – ბენაშვილის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა ვერ მოიხელთა, აფრიკელს კი ახლოდან დარტყმული გაუცუდდა.

 

მერე იყო ქუთათურთა გააზრებული, მრავალსვლიანი იერიში, რომელსაც ელგუჯა გრიგალაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ საბანაძესთან ერთად აშკარად გამორჩეულმა ნახევარმცველმა მიზანს  ააცილა.

 

და ისევ ზესტაფონელთ მომენტი: ბრწყინვალედ მოთამაშე პატრიკ მილხრაუმს, რომელიც თემურ ღონღაძესთან ერთად ორივე გუნდის რიგებში გამოირჩეოდა, სახიფათო თაური ოდნავ აუცდა.

 

მატჩის ბოლოს გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ელგუჯა გრიგალაშვილის თაური მოხვდა ძელს, მერე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა რატი წინამძღვრიშვილმა ააცილა კარს დიდი მანძილით.

 

დაბოლოს, საწყენია, რომ ამ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტექნიკური პრობლემების გამო, ვერ აჩვენა – “დავით აბაშიძეზე” სანახაობა ნამდვილად იყო, ინტრიგაც ბოლომდე ცოცხლობდა და ქომაგობაც ორივე მხრიდან საშური გახლდათ.

 

მატჩის შემდეგ:

გია გეგუჩაძე; (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): "სანახაობრივი, კარგი თამაში იყო. ჩვენს ბიჭებს მადლობას ვუხდი თავდადებისთვის. გავათამაშეთ რამდენიმე კარგი კომბინაცია და მომენტებიც გვქონდა, თუმცა “ზესტაფონის” გამარჯვება მაინც ლოგიკურად მიმაჩნია. რა შეიცვალა “ზესტაფონში” ჩემი წასვლის შემდეგ? ალბათ ის, რომ გუნდი უფრო პრაგმატულად თამაშობს. ალბათ ასე სჭირდება დღეს გუნდს, ასე მიიღწევა შედეგი".

 

დავით მუჯირი (“ზესტაფონის” მთავარი   მწვრთნელი): ძალიან კარგი, სანახაობრივი თამაში იყო. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდით და მოხარული ვარ, რომ ქომაგის იმედი გავამართლეთ. მადლობას ვუხდი მათ ასეთი დიდი მხარდაჭერისათვის. სატურნირო თვალსაზრისით უმნუშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ჯერ ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა. მერე კი უფრო მეტზეც ვიფიქრებთ".

 

 

11.11.2012. ”ზესტაფონი” - ”ტორპედო” (ქუთაისი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში იმერლები აჭარას ესტუმრებიან - ბათუმის საფეხბურთო კლუბი "დინამო" ქვეყნის ჩემპიონს ქობულეთის ახლადგარემონტებულ სტადიონზე უმასპინძლებს.

 

 გამოყენებულია ალეკო კაკაურიძის სტატია. ინტერნეტ-საიტი www.psoni.ge

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012