Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 

 
 
 
 

 

 
 

 

02.11.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე გრიგალაშვილთან

 

ჩემი მიზნები "ზესტაფონს" უკავშირდება

 

 

 

 

 

 

ბოლო პერიოდში "ზესტაფონის" რიგებში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაწინაურდა, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული 19 წლის მცველი თორნიკე გრიგალაშვილია. ფეხბურთელმა გასულ სეზონში მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, თუმცა, ახალი ჩემპიონატის განახლებისთანავე, ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ადგილი ძირითად გუნდში დაიმკვიდრა. მარტვილის "მერანთან" მატჩში გრიგალაშვილმა სადებიუტო გოლი მიითვალა უმაღლეს ლიგაში და კლუბის ისტორიაშიც შევიდა. მის მიერ მარტვილელთა კარში გატანილი გოლი ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდის მიერ, გატანილი საიუბილეო 900-ე გოლი გახლდათ.

allsport-ი გთავაზობთ ინტერვიუს თორნიკე გრიგალაშვილთან.

 

 

- როდის დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა, პირველი გუნდი სადაც ასპარეზობდით და როგორი იყო გზა "ზესტაფონის" ძირითად გუნდამდე?

- ჩემი საფეხბურთო კარიერა ქუთაისში, საფეხბურთო კლუბ "კოლხიდაში" დაიწყო. ფეხბურთზე სიარული რვა წლიდან დავიწყე და ამ კლუბში რვა წელი გავატარე. შემდეგ "ზესტაფონში" წამოვედი და სინჯით ჩავირიცხე კლუბის ჭაბუკთა ლიგის გუნდში. შემდეგ დუბლებში გადამიყვანეს და რამოდენიმე ხანში ძირითად გუნდშიც დავწინაურდი.

 

- იყო თუ არა რთული ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება?

- რა თქმა უნდა,  რთული იყო ძირითადში  ადგილის დამკვიდრება, მითუმტეს ჩემპიონ გუნდში. აქ ყოველთვის მკაცრი მოთხოვნებია, მაგრამ შრომით და თავდადებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

 

- როგორ შეაფასებთ გუნდის თამაშს წლევანდელ სეზონში?

- სეზონის წინ გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, რის შემდეგაც ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოგვეცა შანსი თავი გამოგვეჩინა. თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ თანდათან თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ და ამ ეტაპზე ყველაფერი სიკეთისკენ მიდის.

 

-როგორ მიდის კლუბში მწვრთნელთა დუეტის, მუჯირი-ზამთარაძის მუშაობა?

- ახალი მწვრთნელების ხელში წინსვლა იგრძნობა და წარმატებისაკენ ეტაპობრივად მივდივართ. მათი მუშაობა "ზესტაფონისათვის" ნაყოფიერია და ვფიქრობ ბევრს მივაღწვეთ.

 

- რომელ მატჩს გამოარჩევდით, რომელიც ჩაატარეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო?

- ჩემთვის დასამახსოვრებელი გასულ სეზონში გორის "დილასთან", შინ წაგებული მატჩი იყო, რომელიც ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. აგრეთვე,  "ნეფტჩისთან" მატჩი, რომელიც ევროტურნირებზე ჩემი პირველი თამაში იყო და ერთგვარი გამოცდილებაც მივიღე.

 

- რომელია თქვენთვის გამორჩეული ფეხბურთელი და რომელ კლუბში გიოცნებიათ თამაში?

- ჩემთვის გამორჩეული ფეხბურთელი მესია, რაც შეეხება კლუბს, ბავშვობიდან "ინტერი" მომწონდა და იქ თამაშზე ვოცნებობდი.

 

- რა არის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე, რომელიც საფეხბურთო კარიერას უკავშირდება?

- ჩემი მიზნები ამ ეტაპზე "ზესტაფონს" უკავშირდება, მინდა წარმატებებს ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიო.

 

ფოტო საიტიდან www.psoni.ge

მეგი კუპატაძე, www.allsport.ge

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005