Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.11.2012

 

 

 

 

 

 

ვიცე-ჩემპიონი ჩემპიონის წინააღმდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 4 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" ერთმანეთს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”მეტალურგი” და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები საკმაოდ ფრთხილობდნენ, იგრძნობოდა, რომ ორივე მხარე შეცდომის დაშვებას ერიდებოდა. შესაბამისად, მატჩის ამ მონაკვეთში ოპონენტებმა მაინცდამაინც სანახაობრივი ფეხბურთიც ვერ აჩვენეს. ყოველივე ამის ფონზე უფრო აქტიურად მაინც ზესტაფონელები გამოიყურებოდნენ. რამდენიმე ეპიზოდში თამაშის გამწვავება შეტევის მარცხენა ფრთიდან სცადა პატრიკ მილხრაუმმა და ტაიმის მიწურულს (44-ე წუთზე) ამ აქტიურობამ შედეგიც მოიტანა - თორნიკე აფციაურისაგან მიღებული ბურთი იმერელთა გერმნელმა ლეგიონერმა რბილად ჩაჰკიდა ქვემოქართლელთა საჯარიმოში, იქ კი ყველას რატი წინამძღვრიშვილმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ბურთი "მეტალურგის" კარში გადაგზავნა.

 

მეორე ტაიმში სტუმრებს, რომლებიც უკანასკნელ 8 დღეში ზედიზედ მესამე გასვლით მატჩს ატარებდნენ, მცირა დაღლა დაეტყოთ. სამაგიეორდ გააქტიურდნენ მასპინძლები. რუსთაველებმა, რომელთათვის დღევანდელ შეხვედრაში მარცხი სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა, შეხვედრის გადარჩენა სცადეს - რამდენიმე ეპიზოდში სტუმართათვის უსიამოვნებათა შექმნას ირაკლი სიხარულიძე ცდილობდა, თუმცა ზესტაფონელები ყველა ამ მცდელობას გაუმკლავდნენ. თავის მხრივ, "ზესტაფონს" ანგარიშის გაზრდის ჩინებული შანსი მიეცა, როდესაც ლევან შარიქაძის კარგი გადაცემის შემდეგ რატი წინამძღვრიშვილს მართებდა კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა...

 

საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ქვემოქართლელებმა ეს შეხვედრა მაინც არ წააგეს - 72-ე წუთზე, თამაშში ბურთის შეყვანისას ზესტაფონელთა გოლკიპერის უყურადღებობით რუსთაველმა ანზორ სუხიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში კურიოზული გოლის წყალობით გაათანაბრა... რაც შეეხება მატჩის დასკვნით ნაწილს, გუნდებმა ის შეტევებში გაატარეს, მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორე მხარემ მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა - ფრე 1-1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

დავით მუჯირი (“ზესტაფონი”): "შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიგებდით და ასეთი კურიოზული გოლი გავუშვით, მაინც მეჩვენება, რომ 2 ქულა დავკარგეთ. კიდევ ვიმეორებ: ეს კურიოზული გოლის ფაქტორის გამო, თორემ ისე, ფრე სამართლიანი შედეგია”

 

გიორგი ყიფიანი ("მეტალურგის" მწვრთნელი): "მთლიანობაში თუ ავიღებთ, "მეტალურგი" ფლობდა უპირატესობას. მოხარული ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა "ზესტაფონის" დარ ძლიერ გუნდთან კარგად ითამაშეს. უფრო მეტი მუშაობა გვმართებს საგოლე მომენტების გამოყენების მხრივ. ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა, ზამთარში კი, გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას შევეცდებით".

 

 

04.11.2012. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 1-1

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 11 ნოემბერს შინ გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი მორიგ იმერულ დერბის უმასპინძლებს - ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" უმასპინძლებს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012