Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

03.11.2012

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" და რუსთაველები

 

 

 

 

 

 

 

კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. რუსთავის სტადიონი "ფოლადი" ადგილობრივი საფეხბურთო კლუბისა და ზესტაფონელთა მორიგ, რიგით ოცდამეერთე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს - საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი მოქმედ ჩემიონს უმასპინძლებს.

 

 

რუსთავის "გორდასთან" ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია 1991 წლიდან (რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი) მოყოლებული იღებს სათავეს და მეტალურგთა ორი ქალაქის გუნდების შეხვედრები ყოველთვის პრინციპული და დაძაბული ხასიათისა გახლდათ. წარმატებას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე აღწევდა და 1991 - 2003 წლებში გამართული მატჩების დაჯამებით იმერელთა მინიმალურ უპირატესობას მივიღებთ.

 

რაც შეეხება რუსთაველებთან ("ოლიმპი" და "მეტალურგი") საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ურთიერთობებს - სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები 20-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთ მატჩში შედეგი არ დაფიქსირებულა (ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1:1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა). დანარჩენ მატჩებში 8-ჯერ გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც მცირე უპირატესობა სწორედ იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ - 20:14.

 

ხშირი გახლდათ რუსთავურ-ზესტაფონური "ბრძოლები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

 

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელთა კარში სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - დღესდღეობით გერმანული "ბოხუმის" ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით - 8). ჯაბა დვალს "ოლიმპისა" და "მეტალურგის" კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით - 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია...

 

რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგთან" კვირას გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005