საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. კახა კაჭარავას გუნდმა ხორვატიაში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. შესარჩევ ეტაპზე გუნდმა სულ სამი მატჩი ჩაატარა: ხორვატიასთან 0:2 დამარცხდა. აზერბაიჯანთან მატჩი 1:1 დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ისლანდიას დუბლით 2:0 მოუგო. Geosports.ge საკვალიფიკაციო ეტაპის შესაფასებლად 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველს - გურამ სამუშიას ესაუბრა.
გურამ სამუშია: "გუნდში თავიდანვე საბრძოლო განწყობა იყო. პირველი თამაში ხორვატიის ნაკრებთან დასანანი მარცხით დავიწყეთ, თუმცა მობილიზება შემდეგ თამაშებზე გავაკეთეთ და შეცდომები გამოვასწორეთ. აზრებაიჯანთან მოგება შეგვეძლო, თუმცა შეცდომები დაუშვით, ხოლო ჩვენს უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან გამარჯვებას მივაღწიეთ და ელიტრაუნდში გავედით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ცუდად არ მითამაშია, აზერბაიჯანის ნაკრებთან გოლიც გავიტანე, ბოლო თამაშში კი ტრავმა მივიღე და პირველივე ტაიმში შემცვალეს".
ელიტრაუნდის კენჭისყრა დეკემბერში გაიმართება, შეხვედრები კი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.