Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

31.10.2012

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი გამარჯვება მარტვილში

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ”მერანი” და საქართველოს ორგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

 

 

დღევანდელი შეხვედრის დაწყებას წინ საზეიმო ცერემონია უძღოდა - მარტვილის "მერანის" ნახევარმცველმა გივი დიდავამ დღეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თავის 423-ე მატჩი ჩაატარა და, გააუმჯობესა რა ზურაბ იონანიძის მიღწევა, ამ მაჩვენებლით ქვეყნის რეკორდსმენი გახდა. ამ ნამდვილად სერიოზული მიღწევის აღსანიშნავად, მარტვილური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს საპატიო პრიზი გადასცა ...

 

შეხვედრა სათამაშო უპირატესობის დასაუფლებლად გამართული ბრძოლით დაიწყო. მართალია, მარტვილის ცენტრალური სტადიონის მწვანე საფარზე კომბინაციური ფეხბურთის დემონსტრირება საკმაოდ რთული გახლდათ, თუმცა თანდათანობით მატჩის სადავეები ხელთ სტუმრებმა იგდეს და მასპინძელთა დაცვაში სუსტი ადგილების ძიება გეგმაზომიერად დაიწყეს. ანგარიში 37-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლით გაიხსნა - ზესტაფონელთა ხანგრძლივი იერიში მარტვილელთა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ლევან შარიქაძეზე თორნიკე აფციაურის მიერ გაკეთებული გადაცემითა და შარიქას ძალიან ძლიერი და ამავე დროს უზუსტესი დარტყმით დასრულდა ...

 

მეორე ტაიმიც სტუმართა შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში მათ ისეთი საგოლე მომენტები გაფლანგეს, იმერელთა ქომაგს ნამდვილად გაუჩნდებოდა ცნობილი საფეხბურთო კანონის ამოქმედების შიში. მასპინძლებმა სცადეს კიდეც შეეტიათ, მაგრამ როინ კვასხვაძის კართან რაიმე ღირებულის შექმნა ვერ მოახერხეს. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ შეკითხვას კი 83-ე წუთზე ზესტაფონელებმა გასცეს პასუხი - შეტევის მარცხენა ფლანგიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლევან შარიქაძის გამჭოლ გადაცემას თორნიკე გრიგალაშვილი გამოეხმაურა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლიც მიითვალა.

 

მეგრულ-იმერული "დუელის" საბოლოო წერტილიც ზესტაფონელებმა დასვეს - 87-ე წუთზე ლევან შარიქაძის კიდევ ერთ შედეგიან გადაცემას ამჯერად უკვე მწყობრში ახლახანს დაბრუნებული თორნიკე გორგიაშვილი გამოეხმაურა - მარტვილელთა გოლკიპერ ჯონი შეროზიასთან პირისპირ გასულმა, ის ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა და ბურთი ცარიელ კარში მშვიდად გადაგზავნა. ზესტაფონელებმა მასპინძლები დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ თორნიკე გრიგალაშვილის მიერ მარტვილელთა კარში გატანილი გოლი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი გუნდის მიერ გატანილი საიუბილეო 900-ე გოლი გახლდათ. საინტერესოა ისიც, რომ სადღეისო 901 "ზესტაფონური" გოლიდან საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ანგარიშზე ნახევარზე მეტი, კერძოდ 454 გატანილი გოლი მოდის.

 

 

31.10.2012. ”მერანი” (მარტვილი) - ”ზესტაფონი” 0-3

დაწვრილებით:

 

 

 

პირველობის მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 4 ნოემბერს რუსთავში გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩში იმერლები ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს, ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" ესტუმრებიან.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012