28.10.2012
დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტური
2012 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდი თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" რეზერვისტებს ესტუმრა.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, კიკნაველიძე, გაგოშიძე, ბენაშვილი, შალამბერიძე, გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი (კიკნაძე, 65), შინდაგორიძე, სარდალიშვილი, კვერნაძე.
შეხვედრა თბილისში, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ბაზაზე გაიმართა. ერთმანეთის წინაშე წარსდგა დუბლიორთა მიმდინარე პირველობის ორი საუკეთესო გუნდი. სწორედ ეს გუნდები მთელი პირველი წრის მანძილზე მონაცვლეობით ექცეოდნენ ტურნირის ლიდერის პოზიციაზე. დღეს კი, პირველი წრის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, დინამოელებმა და ზესტაფონელებმა ურთიერთობები პირად შეხვედრაში გაარკვიეს.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და მას შემდეგ, რაც ოპონენტებმა ერთმანეთის კართან შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, 17-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა თბილისელთა კარში გოლი გაიტანა. დინამოელებმა 34-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძის მიერ გატანილი გოლით უპასუხეს - ზესტაფონელთა საჯარიმოში სახოფათოდ შეჭრილი დინამოელის პირველი დარტყმული სტუმართა გოლკიპერმა კახა მეშველიანმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა...
მეორე ტაიმი მასპინძელთა გააქტიურებით დაიწყო და ამ აქტიურობას სტუმართა კართან შექმნილი რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდიც მოჰყვა. თუმცა, "ზესტაფონმა" მალევე მოახერხა ჯერ თამაშის გათანაბრება, მერე კი ინიციატივის ხელში ჩაგდებაც. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს მიჯაჭვული დინამოელები ძირითადად თავის კარის უსაფრთხოებაზე ფიქრით იყვნენ დაკავებულები და თავის შანსის ძიებას სწრაფ კონტრშეტევებში ცდილობდნენ.
შედეგად, "დინამოს" ასეთმა ტაქტიკამ შედეგი მოიტანა - 79-ე წუთზე შეტევაში გართულ სტუმრებს თბილისელთა სწრაფი იერიში გამოეპარათ და ის ზესტაფონბელთა კარში დანიშნული პენალტით დასრულდა - ნიკა კვეკვესკირმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, "დინამოს" მეორე გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 და დუბლიორთა ტურნირის პირველი წრის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დაისაკუთრა, ზესტაფონელები კი მეორე პოზიციას ინარჩუნებენ.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
გამოყენებულია ს. კ. "დინამოს" პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებული ფოტომასალა |