2012 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. თბილისის "დინამო-არენაზე" ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”დინამომ” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი, მეთერთმეტე ტურის შეხვედრის პირველი წუთები გუნდებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლებისათვის თავგანწირულ ბრძოლაში გაატარეს. თამაშს თანაბარი კი ეთქმოდა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მომენტები ძირითადად მასპინძელთა კართან იქმნებოდა. მატჩის დებიუტშივე გოლის გატანის ბრწყინვალე შესაძლებლობა რატი წინამძღვრიშვილს მიეცა, თუმცა "დინამო" გიორგი ლორიას სასწაულებრივმა რეაქციამ გადაარჩინა. თბილისელთა გოლკიპერს მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება ტაიმის შუაწელსაც დასჭირდა, როდესაც მისი კარის უსაფრთხოებას ზესტაფონელთა გერმანელი ლეგიონერის პატრიკ მილხრაუმის დარტყმა უქმნიდა ხიფათს. მალევე მასპინძელთათვის დიდი საშიშროების შემცველი იყო რატი წინამძღვრიშვილის სოლო-რეიდი - დინამოელები მცველის თავგანწირვამ გადაარჩინა...
მასპინძლებმა სტუმართა კარის მიმართულებით პირველად 35-ე წუთზე დაარტყეს - ალვაროს დარტყმული როინ კვასხვაძის იოლი ნადავლი გახდა. თუმცა, "დინამოს" პირველივე სახიფათო იერიში საგოლე გამოდგა - 44-ე წუთზე ირაკლი ძარიას არაზუსტი დარტყმის შემდეგ თბილისელთა მხარეს რიკოშეტიც და კარის ძელიც აღმოჩნდა, ყველაზე უკეთ იმერელთა საჯარიმოში "დატრიალებულ ამბებში" მასპინძელთა ესპანელი ლეგიონერი ალვარო გაერკვა და აუღებელი დარტყმით ბურთი ზემოიმერელთა კარის ბადეში გადაგზავნა.
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი ისევ სათამაშო უპირატესობის დაუფლებისათვის თავგანწირულ ბრძოლაში წარიმართა, მატჩის რაღაც მონაკვეთში თამაში გაიხსნა კიდეც და ორმხრივ იერიშებშიც წარიმართა. დღევანდელი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი 62-ე წუთზე მოხდა - იმერელთა საჯარიმო მოედნის საიახლოვეს გიორგი კაჭკაჭიშვილისა და დინამოელი ჩისკოს ორთაბრძოლის ეპიზოდში მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა სტუმართა მცველის მოქმედებაში "ბოლო იმედის ჯარიმის" ნიშნები აღმოაჩინდა და ზესტაფონელები მოედანზე კაცნაკლულნი დატოვა.
ამის მიუხედავად, 10 კაცის შემადგენლობით დარჩენილმა სტუმრებმა არ დაყარეს "ფარ-ხმალი" და 75-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - ზესტაფონელთა კოტ-დ'ივუარელმა თავდამსხმელმა ბოტი დემელმა, რომელიც სერბ იგორ იელიჩის მსგავსად იმერელთა შემადგენლობაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, სახიფათოდ შეასრულა ჯარიმა, რომლის შემდეგ გიორგილორიამ ხელში ბურთი ვერ შეიმაგრა და შოთა ბაბუნაშვილს ახლოდან კარის დალაშქვრის შესაძლებლობა მისცა.
85-ე წუთზე დინამოელები ისევ დაწინაურდნენ - გიორგი მერებაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე ზუსტი გადაცემით გაიყვანა თბილისელთა გამოცდილი შემტევი ჩისკო და ამ უკანასკნელმაც მომენტი ცივსისხლიანად გამოიყენა. გაშვებული გოლიდან ორ წუთში, ხელით თამაშის გამო (მახვილი კუთხიდან შოთა ბაბუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ ირაკლი ძარიამ ბურთი უხერხულად შეეგება), ზესტაფონელები მასპინძელთა კარში 11-მეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ მატჩის არბიტრმა ეს ეპიზოდიც სტუმართა საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა... "დინამოს" გამარჯვება ანგარიშით 2-1.
მატჩის შემდეგ (www.geosports.ge):
დავით მუჯირი (“ზესტაფონი”):"პირველ რიგში, მეტოქეს მინდა მივულოცო გამარჯვება. აღელვებული ვარ, რადგან დასანანი მატჩი წავაგეთ. თუმცა, ფეხბურთში ხდება ხოლმე, რომ კარგად ითამაშებ და წააგებ... კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების თამაშით. პირველი ნახევრის ბოლოს დასანანი ბურთი გავუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით მობილიზება და გავიტანეთ კიდეც. ჩემპიონი გუნდი ვართ და მხოლოდ მოგება გვინდოდა. შეტევის ხაზში პრობლემები გვაქვს. ჩვენს ახალწვეულ დემელს მხოლოდ ერთი ვარჯიში ჰქონდა გუნდთან ერთად ჩატარებული. ვნახოთ როგორ შედეგს აჩვენებს მომავალ თამაშებში. იელიჩის თამაშით კმაყოფილი ვარ...
მსაჯებს რაც შეეხება, არასდროს მოვერიდები ამ თემაზე საუბარს. კაჭკაჭიშვილმა ბურთზე ითამაშა და მეკარეს დაუგორა, ამის შემდეგ მე ფეხბურთელსაც ვესაუბრე, მანაც იგივე მითხრა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განზრახ შეცდომა არ ყოფილა და დაბალი კვალიფიკაციის ბრალია. ასეთ პრინციპულ თამაშებს აუცილებლად უფრო გამოცდილი არბიტრი უნდა სჯიდეს. იმედია, მომავალში ამას გაითვალისწინებენ...”
დუშან უჰრინი (“დინამო”): "მნიშვნელოვანი თამაში იყო. ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ შეცდომები არ უნდა დაეშვათ. „ზესტაფონის“ ბოლო ორი შეხვედრა ვნახე და ფეხბურთელები გავაფრთხილე, მოთმინებით ეთამაშათ. მეორე ტაიმში უკან პასები დავიწყეთ და გოლიც მივიღეთ. კარგი შემსრულებლები გვყავს. ჩისკო-მერებაშვილის კომბინაცია ძალიან კარგი გამოვიდა. მეც და დავით მუჯირიც ახალგაზრდა სპეციალისტები ვართ. მსაჯს მოედანზე რომ ვხედავდი, მეგონა ჩემი შვილი იყო. არ შეიძლება ასეთ თამაშებში 22 წლის არბიტრი სჯიდეს.”
თეიმურაზ ღონღაძე (“ზესტაფონი”): ”საერთო ჯამში, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის კაცნაკლულებმა ჩავამთავრეთ, მაინც არ იყო წასაგები შეხვედრა და ძალიან დასანანია ასეთი მარცხი”.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 31 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩში იმერლები საფეხბურთო კლუბ ”მერანს” მარტვილში ესტუმრებიან.