Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

26.10.2012

 

 

 

 

 

 

გიორგი ხიდეშელი: ეს გამოცდა იყო...

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ხიდეშელი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მისი კარიერა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე, მოლდოვურ "დაჩიასთან" შარშან მიღებულმა მძიმე ტრავმამ ახალგაზრდა მცველს ძალიან ბევრი დრო დააკარგვინა.



მუხლის ჯვარედინი მყესების ოპერაციას რამდენიმეთვიანი პაუზა მოჰყვა. სამწუხაროდ, ხიდეშელის მოედანზე დაბრუნება უიღბლო გამოდგა. თბილისის "დინამოსთან" მატჩში იგი კვლავ დაშავდა და ამჯერად უკვე გვერდითი იოგები გაუხდა საოპერაციო.

ხიდეშელი მოედანზე ჯერაც არ დაბრუნებულა. მართალია, მას გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე შეუძლია, მაგრამ გარისკვას აღარ აპირებს და თანაგუნდელებს ორ-სამ კვირაში შეუერთდება. შესაბამისად, თამაშსაც სულ მალე შეძლებს.

"საშინელი პერიოდი გამოვიარე, მაგრამ დადებითი მომენტის დანახვა ცუდ ამბავშიც არის შესაძლებელი. ეს, ალბათ, გარკვეული გამოცდა იყო ჩემთვის, სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს. მივხვდი, რომ უფეხბურთოდ ცხოვრება არ შემიძლია და მთელი ენერგია ამ საქმეს უნდა შევალიო. ეს ძალიან ამაღელვებელი განცდაა", - გვითხრა 24 წლის ხიდეშელმა.

მისი ვარაუდით, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება იმისთვის, ძველ კონდიციებს რომ დაუბრუნდეს. გიორგი იმედოვნებს, რომ დარჩენილი კარიერის განმავლობაში ტრავმები აღარ შეაწუხებს და ამ შემთხვევაში აუცილებლად შეძლებს დანაკარგის ანაზღაურებას.

ხიდეშელის არყოფნაში "ზესტაფონში" ძალიან ბევრი რამ შეიცვალა - ახლა გუნდს სხვა სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობამ სხვა კლუბებს მიაშურა.

"მართლაც ბევრი ცვლილება მოხდა და ამ ყველაფერს გვერდიდან ვუყურებდი. ვგრძნობ, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული როლი დამეკისრება.

შევეცდები, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო. დღეს გუნდს საუკეთესო პერიოდი არ უდგას, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ
".

ამ სეზონში ხიდეშელს რეალურად მიაჩნია ევროსაზგურისთვის ბრძოლა და იმის იმედიც აქვს, რომ მალე "ზესტაფონს" კვლავ გაუჩნდება საჩემპიონო ამბიციები.

"წარმოუდგენელია, ტყუილად დაიკარგოს ის სამუშაო, რასაც "ზესტაფონის" თითოეული წევრი ასრულებს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენი გუნდი თავისი პოტენციალის შესაბამის ფეხბურთს ითამაშებს".

რა თქმა უნდა, გული სწყდება დაკარგული პერიოდის გამო. რომ არა ტრავმა, დღეს, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წევრიც იქნებოდა და ძლიერ უცხოურ კლუბშიც ითამაშებდა, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს და სჯერა, რომ დაკარგულის ანაზღაურების საშუალება მიეცემა.

მალე "ზესტაფონს" გიორგი ხიდეშელის სახით ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდება.

 

ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012