25.10.2012
ინტერვიუ რატი წინამძღვრიშვილთან
რატი წინამძღვრიშვილმა ფეხბურთის მოყვარულებს თავი "ამერიდან" დაამახსოვრა - მისი თამაში, გოლები... ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ მცხეთაში გაიბრწყინა, საქართველოს ჩემპიონს "ვიტ ჯორჯიასთან" მოაგებინა და ზამთარაძე-მუჯირის ნდობა გაამართლა. ფეხბურთის მოყვარულებს ისევ გაუჩნდათ იმედი, რომ ნიჭიერ მოთამაშეს თავისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ ამოუწურავს. შაბათს ჩემპიონი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაუპირისპირდება. მატჩის წინ Geosports.ge რატი წინამძღვრიშვილს ესაუბრა.
- ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, "დინამო არენაზე" გაიმართება. ათი ტურის შემდეგ, "დინამო" პირველ ადგილზეა, "ზესტაფონი" მოქმედი ჩემპიონია... რთული შეხვედრა გელით...
- ჩემპიონატის დაწყებისას რთულ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. შაბათს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით და აუცილებლად ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ. მიმაჩნია, რომ "დინამო", ამ ეტაპზე, ჩვენთვის და ჩემპიონატში მოთამაშე ყველა გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქეა. კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია და მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ.
- გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბია, სწორედ მათი მოსვლის შემდეგ გამოჩნდი მოედანზე. ეს ზამთარაძე-მუჯირის დუეტის "გამოჩენას", შენს კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას თუ სხვა რამეს უკავშირდება?
- პირველ რიგში, მწვრთნელებს. იმას რომ მენდნენ და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ მათი ნდობა დავიმსახურო და გავამართლო. ბოლო პერიოდში ნორმალურად წამივიდა თამაში. მწვრთნელებიც ყველანაირად გვერდში მიდგანან და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. დიდი სურვილი მაქვს, გავაუმჯობესო თამაში და უკეთესი შედეგი ვაჩვენო. ამავდროულად, გუნდის წინსვლაც იგრძნობა. მწვრთნელთა ცვლამ ამირ-დამირია ყველაფერი, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ლაგდება და ეს მახარებს.
- "ზესტაფონისგან" გულშემატკივარი შემტევ, სანახაობრივ თამაშსაა მიჩვეული, რისი ჩვენებაც გუნდს ბოლო პერიოდში უჭირს. ალბათ ეს ფეხბურთელების წასვლას უკავშირდება. კლუბში ახალი მწვრთნელების მოსვლის შემდეგ პროგრესი შესამჩნევია?
- ბევრი ფეხბურთელი წავიდა და გუნდი ჯერ კიდევ დალაგების პროცესშია. ამ ეტაპზე, არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მხოლოდ შეტევაზე ვიფიქროთ. ეტაპობრივად ესეც გამოსწორდება. მთავარია, ჩემპიონობისთვის ბრძოლას არ ჩამოვრჩეთ. ჯერ მხოლოდ 10 ტურია გასული და ყველაფერი წინ არის. "ზესტაფონი" კვლავ ჩვეულ, შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. გუნდს თავიდანვე ეს სტილი ჰქონდა არჩეული და ამ მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.
- გულშემატკივრისა და ჟურნალისტებისთვის გამოცანა ხარ. შენგან როცა აღარავინ ელოდა, მაშინ გაიბრწყინე...
- ცოტა რთული თემაა... არ მიყვარს ხოლმე ამაზე საუბარი. თითქმის ყველაფრის მიზეზი ტრავმებია... შემდეგ მწვრთნელთა ხშირი ცვლა და მათი ჩემდამი დამოკიდებულებაც განსხვავებული იყო. ფეხბურთს დიდხანს რომ ვერ ითამაშებ, ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს თამაშზე. ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და იმედია, ისე ავთამაშდები, როგორი თამაშიც ჩემგან ახსოვთ. ამისთვის თავს არ დავზოგავ.
- ეროვნულ ჩემპიონატში დიდი ხანია თამაშობ. წლებია ამ პროცესში ხარ ჩართული. იგრძნობა თუ არა პროგრესი?
- წელს ძალიან კარგი ჩემპიონატია, საგრძნობლად გაძლიერდნენ გუნდები. აღარ არის ისე, როგორც ადრე, ერთ-ორი გუნდი რომ იბრძოდა ჩემპიონობისთვის. თუ ასე გაგრძელდება, ძალიან წაადგება ქართულ ფეხბურთს. კარგი გუნდების თამაში ხარისხსაც აუჯობესებს და ჩემპიონატის დონეც უფრო მაღლა იწევს.
- რას ფიქრობ სამეულის კანდიდატებზე? ვინ იმსახურებს?
- ამ ეტაზპე, ვინც არის პირველ სამეულში... ამ წუთისათვის დამსახურებულად არიან ამ პოზიციებზე. თუმცა ჩვენც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს როგორც სამეულში, ასევე უფრო მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ... ორგზის საქართველოს ჩემპიონები ვართ და ისე არ დავსუსტებულვართ, რომ ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშოთ.
|