21.10.2012
დუბლიორთა ტურნირის მეათე ტური
21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, შალამბერიძე, გაგოშიძე, ჭანტურიშვილი, ბენაშვილი, გორგიაშვილი (რობაქიძე, 74), კიკნაველიძე, კერძევაძე (გაჩეჩილაძე, 26), სარდალიშვილი (კიკნაძე, 74), რაჟამაშვილი (შინდაგორიძე, 46), კვერნაძე.
პირველ რიგში, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ტრავმის მიზეზით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ზესტაფონელთა რიგებში კვლავ გამოჩნდა თორნიკე გორგიაშვილი. ზემოიმერელთა ნახევარმცველი მწვანე მინდორს სწორედ დღევანდელ მატჩში დაუბრუნდა...
ზესტაფონელ და ზუგდიდელ დუბლიორთა შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთათვის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩებში მონაწილეობა სულაც არაა უცხო...
შეხვედრის უმეტესი ნაწილის საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობის მიუხედავად, ოპონენტთა კართან ხიფათის შექმნას უმეტესად მაინც მასპინძლები ახერხებდნენ - პირველ ტაიმში აშკარა საგოლე მომენტები გაუცუდდათ ოთარ კვერნაძესა და ილია კერძევაძეს. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელებმა სტუმართა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და ერთმანეთის მიყოლებით შანსები შეექმნათ თორნიკე გორგიაშვილის, მიშიკო სარდალიშვილს და რამდენიმეჯერ ოთარ კვერნაძეს. მასპინძელთათვის სამწუხაროდ, არცერთი ამ ეპიზოდის რეალიზება არ მოხერხდა...
სამაგიეროდ, ზუგდიდელებმა მოახერხეს 68-ე წუთზე გატანა - მიზანს ლაშა კუკავას დარტყმამ მიაღწია. ზესტაფონელთა სასახელოდ კი უნდა ითქვას ის, რომ შეხვედრის მიწურულს მათ მეტოქე საკუთარი კარის სიახლოვეს მიაჯაჭვეს და 85-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს - თავი ლაშა შინდაგორიძემ გამოიჩინა. ზესტაფონელებმა მატჩის მოსაგებად გაიწიეს, თუმცა საყაიმო ანგარიში აღარ შეცვლილა - 1-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
დიმა ნებიერიძის ფოტო
|