მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა გამართა - ქვეყნის ჩემპიონმა დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტს, საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” უმასპინძლა და მეტოქე ლევან შარიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ დღევანდელი მატჩი მშვენიერ საფეხბურთო გაზონზე გაიმართა. ეროვნულ ჩემპიონატში წარმოქმნილი მცირე პაუზა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციამ და მომსახურე პერსონალმა ნაყოფიერად გამოიყენა, დიდი სამუშაო გასწია, მინდორი ძალიან კარგ კონდიციამდე მიიყვანა და შედეგად, დღევანდელ შეხვედრაზე მივლინებულ ოფიციალური პირთა მხრიდან ზესტაფონის სტადიონის "მწვანე საფარმა" უსიტყვო "ხუთიანი" დაიმსახურა.
იმერელთა და მეგრელთა მორიგი დაპირისპირება მასპინძელთა მიერ განხორციელებული შტურმით დაიწყო. მატჩის დებიუტშივე ძალიან სახიფათო იყო ზურაბ მენთეშაშვილის შორეული დარტმა, რომელსაც სტუმართა კართან ჩამოწოდებული ერთბაშად რამდენიმე კუთხური მოჰყვა. 11-ე წუთზე გატანილი გოლიც ზესტაფონელთა სასტარტო აქტიურობის ლოგიკური შედეგი გახლდათ - საჯარიმოს შესრულებისას ზურაბ მენთეშაშვილის მიერ ბურთის მახვილგონივრულ დაგდებას ლევან შარიქაძემ ულამაზესი და რაც მთავარია აუღებელი დარტმული მოაყოლა. საინტერესოა ისიც, რომ საშინაო შეხვედრებში ოთხმატჩიანი საგოლე "გვალვის" შემდეგ, ეს ზესტაფონელთა პირველი გოლი გახლდათ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გატანილი გოლის შემდეგაც აქტიურობდა და მალევე თავის გუნდის კიდევ უფრო დაწინაურება იმერელთა გერმანელ ლეგიონერ პატრიკ მილხრაუმს შეეძლო - მასპინძელთათვის სამწუხაროდ, ბურთის დამუშავების გარეშე შესრულებული მისი დარტყმა ოდნავ ასცდა ლაშა ძაგანიას კარს. მალე გატანა თორნიკე გრიგალაშვილსაც შეეძლო, თუმცა მანაც კარს ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს კი ზუგდიდელთა გოლკიპერმა თავის გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა - შოთა ბაბუნაშვილის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ნამდვილად სტუმართა კარის ბადეში აღმოჩნდებოდა, რომ არა ამ დარტყმულზე ძაგანიას წარმოუდგენელი რეაქცია.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა... თუკი მეორე ნახევრის საწყისი ნაწილი ისევ მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, შემდეგ უკვე ზუგდიდელებმა სცადეს გაეკონტროლებინათ სიტუაცია და მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხა შეეტანათ. უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა დაცვა ოპონენტთა ასეთ განზრახვას სრულ მზადყოფნაში შეეგება და სიტუაციის შემოტრიალების რაიმე განსაკუთრებული შანსი "ზუგდიდის" ფეხბურთელებისათვის არც მიუცია. შედეგად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა უშუალო კონკურენტთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 1-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
ელგუჯა ქომეთიანი (“ზუგდიდი”): `მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, ვფიქრობ, ეს თამაში არ უნდა წაგვეგო. მასპინძლებს ბურთის ფლობაში ვაჯობეთ, თუმცა ეს უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. `ზესტაფონს” პრინციპალ მატჩში გამარჯვებას ვულოცავ.” დავით მუჯირი (“ზესტაფონი”): `მართლაც, დიდი ხანია საკუთარ მოედანზე არ მოგვიგია. დღეს ეს შევძელით და გვიხარია. ძალიან მძიმე ბრძოლა იყო. `ზუგდიდი” ძლიერი გუნდია და ექვსეულში მოხვედრის კარგი პერსპექტივა აქვს. ჩვენ კი, ტიტულის დაცვაზე გვმართებს ფიქრი. რვა დღეში სამი გასვლითი მატჩი გველოდება და ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ თამაშებში მაქსიმალური შედეგის მისაღწევად”.