19.10.2012
"ზუგდიდთან" მატჩის წინ
|
"ზუგდიდთან" შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება...
|
საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" უმასპინძლებს. გუნდებს თანაბარი 14-14 ქულა აქვთ და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოლებს. მომავალ მატჩთან დაკაშირებით ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელებს თეიმურაზ ღონღაძესა და როინ კვასხვაძეს ინტერნეტ-საიტი "allsport.ge", ხოლო დავით რაჟამაშვილს "geosports.ge" გაესაუბრნენ.
"მატჩისთვის ჩვეულებრივ ვემზადებით, ისე როგორც ყველა თამაშის წინ... მცირე საკადრო პრობლემები გვაქვს - დისკვალიფიკაციის გამო თორნიკე აფციაური დაგვაკლდება... მატჩისთვის მზადება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს... "ზუგდიდი" კარგი გუნდია, წელს საკმაოდ გაძლიერდნენ. გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ასპარეზობს, რომელთანაც მითამაშია და ვიცნობ... ვფიქრობ "ზუგდიდი" დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებს, ჩვენთვის ბევრი ხიფათის შექმნას შეეცდება და არ მოგვცემს გახსნილი თამაშის საშუალებას. არ იქნება მარტივი, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვიგოთ", - განაცხადა თეიმურაზ ღონღაძემ...
დავით რაჟამაშვილი: "გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ზოგი ფეხბურთელი წავიდა, სამაგიეროდ ახლებიც მოვიდნენ... მოგეხსენებათ, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და გაძლიერება სჭირდება... რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია... ახალი სამწვრთნელო შტაბი გვყავს და ისინი ყველაფერს აკეთებენ გუნდის წინსვლისთვის... მომდევნო თამაში "ზუგდიდთან" გვიწევს, უკვე ოთხი საშინაო თამაშია გოლი ვერ გაგვაქვს. ხვალ აუცილებლად შევეცდებით ყველაფრის ამის გამოსწორებას, გოლის გატანას და 3 ქულის მოპოვებას".
როინ კვასხვაძე: "ძალიან კარგი განწყობაა და გუნდი შესაბამისად კარგად ემზადება და ვფიქრობ ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ მოვიგებთ... ვფიქრობ, რომ "ზესტაფონს" კი ჰქონდა რაღაც ეტაპზე მცირე ჩავარდნა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი, გუნდი საკმაოდ კარგად გამოიუყურება და იმედი მაქვს ხვალინდელ მატჩში გავიტანთ გოლებს... გულშემატკივარს 3 ქულას ვპირდები და ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარად".
|