11.10.2012
ინტერვიუ მიხეილ ხუციშვილთან
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ძლიერდება. გუნდში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ. მარგველთა რიგებში კოტდივუარელი შემტევი ბოტი გოა, სერბი საყრდენი იგორ იელიჩი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რევაზ ბარაბაძე ვარჯიშობენ.
როგორი იქნება ამ ფეხბურთელების მომავალი და აპირებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი კიდევ უფრო გაძლიერებას - ამ და სხვა კითხვებით "ზესტაფონის" სპორტულ დირექტორს, მიხეილ ხუციშვილს მივმართეთ.
- გადაწყვეტილი ამბავია - ბოტი გოა უახლოეს დღეებში კლუბთან 2.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს თავდამსხმელი ბოლოს ნორვეგიული "რუსენბორგის" ღირსებას იცავდა. ვფიქრობთ, რომ ის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
რაც შეეხება ბარაბაძესა და იელიჩს, ისინი გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და სამწვრთნელო შტაბი უახლოეს მომავალში გადაწყვეტს მათ მომავალს. თუ თავს მოაწონებენ მწვრთნელებს, დარჩებიან კიდეც ჩვენთან.
- იგორ იელიჩს როგორ დაახასიათებთ?
- სერბეთიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იელიჩი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. იგი გამოკვეთილი საყრდენი ნახევარმცველია. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს.
- რევაზ ბარაბაძეს ქართველი ქომაგი კარგად იცნობს. მის პოტენციალში ეჭვი არავის ეპარება, ესაა, ბოლომდე ვერსად გაიხსნა...
- რეზო მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. საწყენია, რომ ამდენი დრო გაუცდა. ისიც სინჯებზეა და ვნახოთ.
- კიდევ ხომ არ უნდა ველოდეთ "ზესტაფონში" ახალი ფეხბურთელების გამოჩენას?
- იანვრისთვის გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო ვარიანტი. ვმუშაობთ გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და მომავალს იმედიანად ვუყურებთ.
|