08.10.2012
დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტური
2012 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდი ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" რეზერვისტებს ესტუმრა.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: გუდავაძე, რობაქიძე, შალამბერიძე, გაგოშიძე, ჯიქიძე, გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, შარვაძე (თვალავაძე, 85), შინდაგორიძე (კიკნაძე, 65), სარდალიშვილი (ხუჯაძე, 68), კვერნაძე (ეგუტიძე, 84).
შეხვედრა, რომელიც თბილისში, სტადიონ "მარაკანაზე" გაიმართა, ზესტაფონელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და მათივე ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებითაც დასრულდა. სტუმრებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს ქვემოქართლელებს და უკვე 10-ე წუთზე ბოლნისელთა მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დანიშნული პენალტი გოლად ბერდია შარვაძემ აქცია. 14-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის აქტიურობის შემდეგ მეორე გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა. 28-ე წუთზე იმერლებმა კიდევ ერთი პენალტი შეასრულეს - ლაშა შინდაგორიძის დარტყმაც ზუსტი გახლდათ. ზუსტად ერთ წუთში ბერდია შარვაძის ზუსტი ფლანგური გადაცემა ოთარ კვერნაძემ შეირგო, ხოლო 33-ე წუთზე ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დუბლი ლაშა შინდაგორიძემაც გაიფორმა. ამის შემდეგ მარგველები ოდნავ მოდუნდნენ და ტაიმის მიწურულს ამით ბოლნისელებმა ისარგებლეს - 35-ე წუთზე გატანილი გოლი მანუჩარ ოქროპირიძის ანგარიშზეა.
მეორე ტაიმი უფრო მშვიდად წარიმართა, თუმცა "ზესტაფონმა" კიდევ უფრო დაწინაურება მაინც მოახერხა - 68-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა ქვემოქართლელები მეექვსედ დაამწუხრა. 77-ე წუთზე "სიონმა" კიდევ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა - თავის შანსი კარგად ვაჟა ნემსაძემ გამოიყენა. მატჩის დასკვნით ნაწილში გუნდებმა მომენტები გაცვალეს, თუმცა "ბოლო აკორდი" ისევ იმერლებმა შეასრულეს - 89-ე წუთზე, ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ, ნიკა შალამბერიძემ ბურთს ბოლნისელთა კარში მიუჩინა ადგილი. დღევანდელ დაპირისპირებაში "ზესტაფონის" მეორე გუნდმა ანგარიშით 7-2 გაიმარჯვა და დუბლიორთა ტურნირის ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დამსახურებულად დაიბრუნა.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|