Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

07.10.2012

 

 

 

 

 

 

წარმატებული სტუმრობა ბოლნისში

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”სიონმა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

პირველ რიგში, გვინდა მოვუბოდიშოთ ჩვენი ინტერნეტ-გვერდის ერთგულ მომხმარებელს - დღეს კლუბის საიტზე შემოსულმა ფეხბურთის მოყვარულმა ვერ შეძლო ბოლნისიდან "ცოცხალი დროის" რეჟიმში ახალი ამბების გაგება. ყოველივე ამის მიზეზი არის ის, რომ კომპანია "ჯეოსელის" (ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური სწორედ ამ კომპანიის მობილური ინტერნეტით სარგებლობს) ინტერნეტ-მომხმარებელთათვის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" საიტი (სერვერი) დღეს მიუწვდომელი გახლდათ. ზემოთნახსენები კომპანიის ტექნიკურ სამსახურში კი დაგვპირდნენ პრობლემის უმოკლეს ვადაში გადაჭრას, თუმცა დღევანდელი "ონლაინის" ჩვეულად ორგანიზების საქმეს ამან სამწუხაროდ ვერ უშველა ...

 

შეხვედრის პირველი წუთები გუნდებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლებისათვის თავგანწირულ ბრძოლაში გაატარეს. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შანსი კურიოზულ სიტუაციაში მიეცათ - გიორგი მანწკავას ძალიან შორი მანძილიდან დარტყმულმა ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და როინ კვასხვაძის კარის ხარიხა "მოინახულა". ამ მომენტიდან მოყოლებული კი ინიციატივას უკვე “ზესტაფონი” დაეუფლა და ის მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარც გაუშვია. სტუმრებმა ბოლნისელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს და 27-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - თორნიკე აფციაურის მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთთან ყველაზე ადრე იმერელთა მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი გაჩნდა და აუღებელი თავურით ბურთი მინდია ბობღიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა.

 

დაწინაურების შემდეგ სტუმრებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და 34-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდეს - თორნიკე გრიგალაშვილი-თორნიკე აფციაური-შოთა ბაბუნაშვილის სწრაფი იერიში ამ უკანასკნელის მიერ რატი წინამძღვრიშვილზე გაკეთებული უზუსტესი გადაცემით დასრულდა, პირველი მოძრაობით რატი მოხდენილად გასცდა ბოლნისელ მცველს, ხოლო მეორეთი ბურთი "სიონის" კარის ბადეში გადაგზავნა.

 

პირველი ტაიმის სოლიდური ანგარიშით მოგების შემდეგ, ზესტაფონელთა მწვრთნელთა დუეტმა შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდს პრაგმატული ფეხბურთი ათამაშა, თუმცა, თუკი ვინმეს ჰქონდა ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობები, უპირველეს ყოვლისა, ეს ზესტაფონელებზე ითქმის. სტუმრებმა საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანეს და ერთადერთი, რის გამოც მარგველები უკმაყოფილონი უნდა იყვნენ, ეს, ბოლნისელ ქომაგთან შეკამათებისათვის, თორნიკე აფციაურის სათადარიგოთა სკამიდან გაძევება გახლავთ. "ზესტაფონის" გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

 

07.10.2012 ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 20 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩში იმერლები საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012