Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

06.10.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ დავით მუჯირთან

 

"ზესტაფონს" აღმასვლის პერიოდი ახლო მომავალში დაეწყება

 

 

 

 

 

 

 

ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით “ზესტაფონმა” ეროვნულ ჩემპიონატში ოთხი მატჩი ჩაატარა და 7 ქულას მოუყარა თავი. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს, რაშიც გასაკვირი არაფერია – “ზესტაფონში” თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ახლა დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით ცდილობს ძველ დონეზე დაბრუნებას, რასაც, რასაკვირველია, დრო სჭირდება.
დავით მუჯირს “ლელო” ბოლოდროინდელ ამბებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

 

- გარკვეული პერიოდი უკვე გავიდა მას შემდეგ, რაც “ზესტაფონის” მწვრთნელი ხართ. როგორ შეეგუეთ მწვრთნელის ამპლუას?
- მწვრთნელობა საინტერესოც არის და ამავდროულად, საკმაოდ რთულიც. ყველანაირად ვცდილობ, რომ ახალი პროფესია სათანადოდ ავითვისო, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს. შევეცდები, ჩემი მუშაობით “ზესტაფონს” სარგებლობა მოვუტანო. შექმნილი მდგომარეობა იმისკენ მიბიძგებს, ადაპტაცია რაც შეიძლება მოკლე დროში გავიარო.


- თქვენი, როგორც მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი კიდევ დიდხანს გაგრძელდება?
- მოთამაშე-მწვრთნელობის სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რადგან ძალიან ძნელია, ერთდროულად იცხოვრო და იმუშავო ფეხბურთელისა და მწვრთნელის სტატუსით. ჩემი მოედანზე გასვლა კი იძულებითი გარემოება იყო. შეტევის ხაზში ისედაც პრობლემები გვაქვს, ამას თავდამსხმელთა ტრავმები დაემატა და ისღა დამრჩენოდა, თამაშში ჩავრთულიყავი. კვლავაც სრული დატვირთვით ვაგრძელებ ვარჯიშს, მაგრამ ჩემი ადგილი უკვე სათადარიგოთა სკამზეა და არა – მოედანზე. იმედი მაქვს, მალე ფეხბურთელის ფუნქციების შესრულება აღარ მომიწევს.


- ზაზა ზამთარაძე როგორ შეეგუა ახალ სამუშაო ადგილს?
- მეც და ფეხბურთელებიც მაქსიმალურად ვცდილობთ, მას კომფორტული გარემო შევუქმნათ. მე და ზაზა ერთმანეთს ვავსებთ და ვეხმარებით. იგი თავის სამწვრთნელო გამოცდილებას მიზიარებს, მე კი “ზესტაფონთან” ადაპტაციაში ვუწყობ ხელს და ფეხბურთელთა შესახებ შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმაციას ვაწვდი. მოგეხსენებათ, მეც და ზაზასაც “ზესტაფონთან” კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე გვაქვს გაფორმებული და ბევრი მუშაობა გვმართებს იმისთვის, ხელშეკრულების გახანგრძლივება რომ დავიმსახუროთ.


- უკვე მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მომავალში მწვრთნელი იქნებით თუ საფეხბურთო ფუნქციონერი?

- ზუსტად ვიცი, რომ ჩემს დარჩენილ ცხოვრებასაც ფეხბურთს მივუძღვნი. ამჟამად მწვრთნელობით ვარ დაკავებული და ეს საქმე ძალიან მომწონს. მწვრთნელად ჩამოყალიბებამდე გარკვეული ეტაპები უნდა გავიარო, თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა მივიღო და ლიცენზიის მფლობელი გავხდე. უახლოეს მომავალში ამ საქმით ვიქნები დაკავებული, უფრო შორეულ პერსპექტივაში არც სხვა სახის საფეხბურთო საქმიანობას გამოვრიცხავ.


- როგორ შეაფასებთ იმ ოთხ მატჩს, რომელიც “ზესტაფონმა” თქვენი ხელმძღვანელობით ჩაატარა?
- ისე მოხდა, რომ სტუმრად ორივე შეხვედრა მოვიგეთ, შინ კი ერთ მარცხსა და ერთ ფრეს დავჯერდით. ჩვენს ჩემპიონატში იოლი მატჩები არ არსებობს, მაგრამ ამ არასტაბილური შედეგებით კმაყოფილები არ ვართ. ორ საშინაო შეხვედრაში გოლი არ გაგვიტანია და ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. იმედია, ბოლნისში გავიმარჯვებთ და ამით სატურნირო მდგომარეობას შედარებით გავიუმჯობესებთ. მთლიანობაში, დღევანდელზე უკეთესი გვინდა თამაშის ხარისხიც და შედეგიც, მაგრამ “ზესტაფონის” გულშემატკივრები ამჟამინდელ მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდონ – გუნდი ძალიან ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და “ზესტაფონს” დრო დასჭირდება იმისთვის, კვლავ მაღალ მიზნებს რომ შეეჭიდოს. საბედნიეროდ, გვყავს ნიჭიერ ფეხბურთელთა ახალი თაობა. ეს ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა, ახლო მომავალში ეს ბიჭები საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ და ძლიერ უცხოურ კლუბებში იასპარეზებენ. კლიბის ხელმძღვანელობაც, სამწვრთნელო შტაბიცა და ფეხბურთელებიც დიდი მონდომებით ვიმუშავებთ და ყველანაირად ვეცდებით, ეს ხვალინდელი დღე რაც შეიძლება მალე დადგეს.


- ამ სეზონისთვის კონკრეტული მიზანი თუ გაქვთ დასახული?

- ჩემპიონი გუნდის მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება უნდა იყოს. დღეს ამაზე ლაპარაკი შეიძლება ცოტა უადგილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ სანამ შანსი გვაქვს, ვიბრძოლებთ და იმედს დავიტოვებთ, რომ მალე სატურნირო ცხრილში დღევანდელზე გაცილებით უკეთეს პოზიციას მოვიპოვეთ. უახლოესი მიზანი კი, რა თქმა უნდა, საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა, სხვაგვარად მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას ვერ გავაგრძელებთ. ამ მიზნის შესრულების შემთხვევაში, ზამთრის მოსამზადებელი შეკრება ისე დაიგეგმება, რომ წინსვლა შევძლოთ.
რეალისტები უნდა ვიყოთ და დღევანდელი სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ფეხბურთში ჩავარდნა და აღმასვლა ერთმანეთს ენაცვლება. მჯერა, რომ “ზესტაფონს” აღმასვლის პერიოდი ახლო მომავალში დაეწყება.

 

ლევან ჯანეზაშვილი, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005