Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

30.09.2012

 

 

 

 

 

 

ზემოიმერული დერბი

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ზემოიმერული დერბი გაიმართა - საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერეს საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.

 

 

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში "დაბრუნებულმა" მარგველთა დერბიმ მოლოდინი გაამართლა - "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ შეხვედრის ოთხმოცდაათივე წუთის მანძილზე მწვანე მინდორზე გაჩაღებული უკომპრომისო ბრძოლა იხილა.

 

პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი მასპინძელთა აქტიურობით წარიმართა, ზესტაფონელები გეგმაზომიერად უტევდნენ და სტუმართა დაცვაში "ნაპრალების" აღმოჩენას ცდილობდნენ. თამაში ასეთი სცენარით მიმდინარეობა, მაგრამ საჩხერელთა კართან შექმნილი აშკარა საგოლე მომენტები ზესტაფონელთა ამ აქტიურობას შედეგად კარგა ხანს არ იქმნებოდა. "ჩიხურას" ფეხბურთელებმა კი კონტრშეტევაზე თამაში არჩიეს და ერთ-ერთ ეპიზოდში, რომ არა გიორგი კაჭკაჭიშვილის თავგანწირული თამაში, ბესიკ დეკანოიძე ზესტაფონელთა მეკარესთან პირისპირ დარჩებოდა. ჩემპიონს გოლის გატანა ტაიმის მიწურულს მართებდა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თეიმურაზ ღონღაძის ოსტატური გადაცემის შემდეგ გოლის გატანის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიეცა რატი წინამძღვრიშვილს, მაგრამ მასპინძელთა ფორვარდმა კოორდინაცია ვერ მოახერხა და მომენტი განიავდა...

 

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებს კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცათ - მამუკა კობახიძემ ახლო მანძილიდან თავით სცადა გოგიტა სომხიშვილის კარის დალაშქვრა, თუმცა საჩხერელთა გოლკიპერმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და თავის გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა. მატჩის ბოლო წუთამდე გუნდები ერთმანეთს უკომპრომისოდ ებრძოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ძალიან საინტერესო სანახაობა გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

დავით მუჯირი (“ზესტაფონი”): ,,ბიჭებმა რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, სწორი გეზით მივდივართ და სამომავლოდ უკეთეს შედეგს ველით’’.
სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,ორგზის ჩემპიონთან სტუმრად ვთამაშობდით. ვიცოდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა. მაინც მეორე ნომრად თამაში ვარჩიეთ. შედეგი ჩვენთვის მისაღებია’’.

 

 

30.09.2012. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 0-0

დაწვრილებით:

 

 

ეროვნული პირველობის შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბოლნისში გამართავს. ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩში იმერელთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "სიონი" იქნება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012