29.09.2012
უმაღლეს ლიგაში მარგველთა დერბი ბრუნდება
კვირას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ყვირილისპირელთა "შიდა გარჩევას" უმასპინძლებს - საქართველოს XXIV ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ჩემიონი საჩხერეს ”ჩიხურას” დაუხვდება.
მარგვეთის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს - "ზესტაფონისა" და საჩხერეს "ჩიხურას" პირველ მატჩს ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა გოგი ფიფიასა და ზურაბ იონანიძის გოლების წყალობით მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. საინტერესო დეტალია ის, რომ იმ შეხვედრაში საჩხერელთა ღირსებას დღესდღეობით ზესტაფონელთა მეკარე ზურაბ მამალაძე იცავდა.
ეროვნულ ჩემპიონატში გამართული ბოლო "მაგველური" დერბი 2007 წლის 31 მარტს გაიმართა. შეხვედრა, რომელიც გატანილი გოლების გარეშე (0-0) დასრულდა, ნეიტრალურ მოედანზე, კერძოდ გორის მრავალტანჯულ სტადიონ "ქართლზე" გაიმართა. უნდა ითქვას, რომ ამ მატჩში საჩხერელთა რიგებში ითამაშა ჯაბა დვალმა, რომელმაც შემდგომში ზესტაფონელთა რიგებში წარმატებულად ასპარეზობისას ქვეყნის ორგზის ჩემპიონისა და ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულებს მოუყარა თავი.
გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში, რომელიც რუსულ-ქართული ომით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ "ჩიხურას" ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება "ჩიხურას" ფეხბურთელებმა მოიპოვეს - 1-0.
საჩხერეს "ჩიხურასთან" ხვალ გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება...
|