28.09.2012
ჯერაც გამოცანა - რატი წინამძღვრიშვილის პორტრეტი
სპორტული გაზეთი "ლელოს" პუბლიკაცია
რწმენა დიდი საქმეა. ფეხბურთელსაც ეს სჭირდება, როცა მოედანზე გადის, როცა ჩავარდნა აქვს და ხელახლა უნდა წამოდგეს ფეხზე. "ზესტაფონის" ახალმა მწვრთნელებმა, დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ ნდობა გამოუცხადეს რატი წინამძღვრიშვილს.
ერთის მხრივ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან წინამძღვრიშვილის გარდა "ზესტაფონს" ამ დროისთვის ასე თუ ისე გამოცდილი თავდამსხმელი არ მოეპოვება, მეორეს მხრივ კი წინამძღვრიშვილის საფეხბურთო რეანიმაცია არის ნდობა - რატი ხომ ბევრს უკვე ჩამოწერილი ეგონა, ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში კი "ზესტაფონს" მცხეთა პარკზე მოაგებინა "ვიტ ჯორჯიასთან".
რატი "ამერიდან" გაიცნეს, როცა ამ გუნდის თავკაცი გაიოზ დარსაძე იყო. 1988 წელს დაბადებულები - "ამერმა" ამ პლეადაზე გააკეთა გათვლა.
წინამძღვრიშვილი, გიორგი განუგრავა, ბექა გოცირიძე... ისინი იყვნენ დარსაძის ჯილები. "ამერშიც" თავიდან სჯეროდათ 88-იანების პროექტის, ისიც სჯეროდათ, რომ ყველა 88-იანი დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა და მათგან ერთს ან ორს რომ გაექაჩა, უკვე შედეგი იქნებოდა.
რატი ოქროყანიდან დადიოდა თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ. თბილისი-ოქროყანა-თბილისი: თუ აგარაკზე მიდიხარ, სასიამოვნო მარშრუტია, საფეხბურთო სკოლაში სასიარულოდ კი ვერ არის იოლი საქმე. რატის ფესვები წინამძღვრიანთკარიდან არის, ეს არის სოფელი საგურამოსთან ახლოს. იქ ფეხბურთელის ბაბუა ცხოვრობს, რატის კი საქმე ისე წაუვიდა, რომ ხეტიალი მისი ცხოვრების სტილი გახდა. ის სპეციფიურ გარემოში გაიზარდა და შესაბამისად, განსაკუთრებული მიდგომა იყო საჭირო...
რატი "ამერის" ფეხბურთელი იყო და მისით "ზესტაფონი" დაინტერესდა. წინამძღვრიშვილს დარსაძემ ეროვნულ ნაკრებშიც მისცა თავის გამოჩენის შანსი. რატის აქციებმა აიწია.
2006 წელს "ამერმა" საქართველოს თასის ფინალში "ზესტაფონი" დაამარცხა. ჩინებული თავური გოლი და საგოლე პასი - ასეთი გამოდგა რატის მონაგარი იმ ფინალში. წინამძღვრიშვილი მაშინ 18 წლის გახლდათ. ბევრი გახსოვთ თასის ფინალი 18 წლისას რომ "გაეკეთებინოს"? არადა მართლაც ასე იყო, რატის უკვე შეეძლო თამაშის გაკეთება.
თინეიჯერულ ასაკში სტაბილურობა ძალიან ძნელია. რატი რეალითი შოუ "ჯეო-ბარში" გამოჩნდა სიგარეტით. ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული, თუმცა ზოგიერთის მენტალიტეტი ფეხბურთელის ასეთნაირად გამოჩენას ვერ ეგუება. მე მაინც მგონია, რომ მაშინ ყველაფერი ასაკის ბრალი იყო და არა ფეხბურთელის ხასიათის. წინამძღვრიშვილს ტრავმამაც შეუშალა ხელი. რატი "ამერის" მეორე გუნდში აღმოჩნდა...
ამასობაში ჩვენი ნაკრებების ხელმძღვანელიც შეიცვალა. ამას მოჰყვა ის, რომ წინამძღვრიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო. შემდეგ "ამერიც" დაიშალა. ყველაფერი ერთმანეთს წაეწყო, მაგრამ ცუდს კარგიც მოჰყვა - "ზესტაფონის" პრეზიდენტს ამ ფეხბურთელის აყვანა ძალიან უნდოდა და საწადელსაც მიაღწია.
"ზესტაფონმა" ბევრი გააკეთა წინამძვრიშვილისთვის. კლუბის დახმარებით ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი რატიმ ევროპაში მოილია. "ზესტაფონმა" ის ხელახლა აქცია ფეხბურთელად.
წინამძღვრიშვილი თითქოს ურიგოდ არ გამოიყურებოდა "ზესტაფონში", მაგრამ ვერ ვნახეთ მისი ისეთი აფეთქება, როგორსაც მისგან ელოდნენ. რისი ბრალი იყო ეს? "ზესტაფონის" სხვა ფეხბურთელები წინ მიიწევდნენ, რატი კი...
წინა სეზონის დასრულების შემდეგ წინამძღვრიშვილი სხვა გუნდში აპირებდა გადასვლას, ოღონდაც ტრანსფერი გვარიანად რთული საქმეა და მითუმეტეს ისეთი ფეხბურთელის, ბოლო დროს წარმატებით რომ ვერ თამაშობდა. წინამძღვრიშვილი ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თან იყო "ზესტაფონის" ფეხბურთელი და თან - არც იყო.
ახმახი, აგრესიული, გოლის გატანის ალღოთი დაჯილდოებული, თავით კარგად მოთამაშე, ცენტრფორვარდი, რომელსაც ბურთის შენარჩუნება, გუნდის "ამოყვანაც" რომ შეუძლია - ასეთი კაცი უქმად დარჩა.
ახლა კი მორიგი რეანიმაციაა. მუჯირი და ზამთარაძე ალბათ აღმზრდელობით მუშაობასაც ეწევიან "ზესტაფონის" ზოგიერთ ფეხბურთელთან. ესეც მწვრთნელობის ერთ-ერთი ნაწილია. ამ საქმიდან რაღაც უკვე გამოდის, წინამძღვრიშვილი ისევ მოედანზეა და გოლებიც გააქვს.
ნიჭს ბევრი შეუძლია. წინამძღვრიშვილის შესაძლებლობების ზღვარი კი სად გადის, ჯერ გამოცანაა.
იბეჭდება შემოკლებით |