2012 წლის 26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. მცხეთის "მცხეთა-პარკზე" თბილისის საფეხბურთო კლუბმა ”ვიტ-ჯორჯიამ” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, გუნდები ტერიტორიისა და სათამაშო უპირატესობის დასაუფლებლად თავდაუზოგავად იბრძოდნენ. თანაბრად მიმდინარე თამაში სტუმრებმა 19-ე წუთზე "ააფეთქეს" - ზესტაფონელთა სწრაფი იერიში, რომელიც ლევან შარიქაძემ წამოიწყო, რატი წინამძღვრიშვილის ვეტერინართა გოლკიპერ ნიკა დაუშვილთან პირისპირ გასვლითა და მისი კარის აღებით დასრულდა.
ამის შემდეგ სტუმართა უპირატესობა გამოიკვეთა და მალევე, რატის კარგი გადაცემის შემდეგ, კარგ დასარტყმელ პოზიციაზე მიშიკო სარდალიშვილი გავიდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ, ვეტერინარებმა თავის პირველივე შანსი გოლად აქციეს - 43-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული როინ კვასხვაძის კარში ბესიკ ჩიმაკაძემ თავით გადაგზავნა.
მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი ზესტაფონელებმა შეტევებში გაატარეს და 54-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ -შეტევის მარჯვენა ფლანგზე თორნიკე გრიგალაშვილის გარღვევისა, მის მიერ ვეტერინართა საჯარიმოში გაკეთებული ზუსტი გადაცემისა და დავით რაჟამაშვილის მიერ ბურთის კარგად დაგდების შემდეგ, თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა მიშიკო სარდალიშვილმა, იქ არსებული სიმჭიდროვის მიუხედავად, ბურთი მასპინძელთა კარში გადაგზავნა მოახერხა და ამით უზომოდ გაახარა თავის გუნდიც და მატჩზე მყოფი "ზესტაფანებიც".
მასპინძლებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და ერთ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან - გიორგი ვასაძის მიერ ზესტაფონელთა საჯარიმოს მისადგომების სიახლოვიდან დარტყმული სტუმართა კარის ხარიხამ მოიგერია. მატჩის არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ბესიკ ჩიმაკაძემ ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება მაინც მოახერხა. ზესტაფონელები ბოლო იერიშზე გადავიდნენ და, მათთვის სასიხარულოდ, ეს მცდელობა შედეგიანი აღმოჩნდა - ამ ეპიზოდში თორნიკე გრიგალაშვილსა და თეიმურაზ ღონთღაძეს შეუძლიათ ფლანგზე სწრაფად გათამაშებული კომბინაციით მოიწონონ თავი, გამარჯვების გოლი კი რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზეა. იმერელთა მძიმე და ორმაგად მნიშვნელოვანი გამარჯვება ანგარიშით 3-2.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
დავით მუჯირი (“ზესტაფონი”): "შევდივარ მეტოქის მდგომარეობაში. რთულია, როცა ბოლო წუთზე ათანაბრებ და მაინც აგებ. "ვიტ ჯორჯიამ" ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა. საბოლოოდ, იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. 4 ძირითადი ნახევარმცველი გვაკლდა: აფციაური შეუძლოდ იყო, მენთეშაშვილის ხელოვნურ მოედანზე გამოყვანას მოვერიდეთ, ხოლო გორგიაშვილსა და მილხრაუმს მანამდეც ტრავმა ჰქონდათ. გორგიაშვილის გამოჯანმრთელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მილხრაუმი კი ერთ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს. დღეს ორი იძულებითი შეცვლაც გავაკეთეთ. საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, ტიტული დავიცვათ. მომავალს იმედიანად ვუყურებთ".
მერაბ კოჭლაშვილი (“ვიტ-ჯორჯია”):"რა უნდა ვთქვა, როცა მე-2 ტაიმში გაშვებული ორივე გოლისას, შეტევები ჩვენ დავიწყეთ. 2:2-ისას მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა ზურგით მდგომმა ფორვარდმა ბურთი ვერ დაუტოვა თანაგუნდელს. დასანანი მარცხია. წაგებას არ ვიმსახურებდით. პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ. "ზესტაფონს" კი, გამარჯვებას ვულოცავ".
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 30 სექტემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში იმერლები საჩხერეს ”ჩიხურას” უმასპინძლებენ.