Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

25.09.2012

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ თორნიკე აფციაურთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ჩემპიონი ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურისთვის ემზადება. წინა ტურში, შინ, გორის "დილასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, იმერლები ხასიათის გამოკეთებას მცხეთაში, "ვიტ-ჯორჯიასთან" ეცდებიან. ეს მატჩი 26 სექტემბერს გაიმართება. "ზესტაფონის" მზადებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე Geosports.ge გუნდის გამოცდილ მოთამაშესა და ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს - თორნიკე აფციაურს ესაუბრა.

 

 

- პირველ რიგში, უკანასკნელი შეხვედრით დავიწყოთ საუბარი. "დილასთან" შინ თამაში "ზესტაფონს" თავსატეხად ექცა. რატომ ვერ ახერხებს ჩემპიონი საქართველოს თასის მფლობელის დამარცხებას?

- არ ვიცი რა გითხრათ, სენივითაა... ბოლო 3 თამაშია შინ ამ გუნდთან ვაგებთ, გასვლაზე შარშან ორივე მოვიგეთ.

 

- ორივე გუნდი ახალი მწვრთნელით ატარებდა შეხვედრას. დებიუტი მუჯირსაც და დარასელიასაც წარმატებული ჰქონდათ. რა შეიცვალა მუჯირის მოსვლის შემდეგ გუნდში, რომელიც ისედაც არ იყო თქვენთვის უცხო?

- ვიცოდით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამუშაოდ მუჯირი მოდიოდა. კარგი ისაა, რომ ატმოსფერო და მიდგომა შეიცვალა. ზამთარაძესთან აქამდეც მქონდა ურთიერთობა, ერთად ჩემპიონებიც გავხდით, ჩემთვის სასიხარულოა მასთან მუშაობა. მუჯირმა თავის თავზე განიცადა ის, რაც შიდა სამზარეულოში ხდებოდა, მან ჩვენსავით ყველაფერი იცის - რა გვიჭირს, რას ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მასაც და ჩვენც დაგვეხმარება. შედეგი კი აუცილებლად იქნება.

 

- ზედიზედ ორჯერ ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის გუნდი? რას ფიქრობთ, ამ შემადგენლობის "ზესტაფონს" შესწევს ძალა ისევ იბრძოლოს ტიტულისთვის?

- ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლას არ გამოვთიშულვართ. რა მოხდება არავინ იცის. გუნდში რაღაცეები შეიცვალა, წავიდნენ ფეხბურთელები. მთავარია, ფსიქოლოგიურად შემოვბრუნდეთ და ვირწმუნოთ ის, რასაც ზამთარაძე-მუჯირისგანაც ვგრძნობთ. სადებიუტო თამაში  ლაღად და გახსნილად ვითამაშეთ, რამაც თავდაჯერებულობა შეგვმატა. ასე თუ გავაგრძელებთ, ჩემპიონობაზეც გვექნება პრეტენზია.

 

რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, მწვრთნელზეა დამოკიდებული მათი თამაში. ადაპტაციის პრობლემა მალე უნდა გადაილახოს. ახალგაზრდა ფეხბურთელი რომ ტიტულოვან გუნდში მოდიხარ, ვფიქრობ, ფრთები უნდა შეისხა, ყველაფერი გააკეთო და გამოაჩინო საკუთარი თავი. ტყუილად არავინ ხვდება ამა თუ იმ გუნდში.

 

- მომდევნო ტურში მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" დაუპირსპირდებით, რას გვეტყვით მეტოქეზე და როგორ ემზადებით აღნიშნული მატჩისთვის?

- "ვიტ ჯორჯია" ძალიან მებრძოლი გუნდია, მითუმეტეს ხელოვნურზე მიჩვულნი არიან თამაშს. ჩვენ დიდი ხანია ხელოვნურზე არ გვითამაშია, ვფიქრობ, შეგუება გაგვიჭირდება თავიდან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის.

 

- ჩემპიონატში უშუალო კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?

- "დინამო" თბილისი, "ტორპედო", "დილა"...

 

- გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. შენც ხომ არ აპირებ "ზესტაფონიდან" წასვლას?

- კარიერის დასრულებას ჯერ არ ვფიქრობ. მე ისეთ კატეგორიაში გავდივარ, რომ წონა არ მაწუხებს, ეს პრობლემა ასაკში ხშირია, საბედნიეროდ, მე არ მაქვს. მთავარია, ჯანზე ვიყო. ვფიქრობ, რამდენიმე წელი კიდევ შემიძლია თამაში. ახალ გუნდს რაც შეეხება, ვერაფერს გეტყვით... სანამ ზესტაფონში ვარ, ვიქნები "ზესტაფონისთვის"!

 

ბაჩანა ცხადაძე, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005