23.09.2012
დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტური
მარგველები ერთპიროვნულად დაწინაურდნენ
2012 წლის 23 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე გორის ”დილას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ღონღაძე (რობაქიძე, 46), თედო გრიგალაშვილი (ღირდალაძე, 46), გაგოშიძე, კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, შალამბერიძე, ჭანტურიშვილი, სამუშია (ხუჯაძე, 69), სარდალიშვილი (კიკნაძე, 56), შარვაძე (ჯუღელი, 86).
პირველ რიგში, უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ გორელ დუბლიორებთან დღევანდელ დაპირისრებაში მონაწილეობა მიიღეს თეიმურაზ ღონღაძემ და თედორე გრიგალაშვილმა, რომლებმაც უმაღლესი ლიგის გუნდების გუშინ გამართული შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს ...
შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა - მასპინძლები ფლობდნენ გარკვეულ სათამაშო უპირატესობას და სტუმართა კართან ხიფათის შექმნას ცდილობდნენ, ხოლო გორელებმა აქცენტი დაცვაში ყურადღებით თამაშსა და სწრაფ კონტრიერიშებზე გააკეთეს. იმერლებმა შიდაქართლელთა კარგა ხანს უშეცდომოდ მოასპარეზე დაცვის გატეხვა ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხეს - 38-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ბერდია შარვაძემ აქცია.
მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა - 55-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა. გორელთა სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მათ გაიბრძოლეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის "დასველებაც" შეძლეს - 85-ე წუთზე "პრესტიჟის" გოლი აკაკი სირბილაძემ გაიტანა. ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება - 2-1
უნდა ითქვას, რომ მეექვსე ტურის მატჩთა შედეგებმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს დუბლიორთა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილზე. ყველაზე საინტერესო კი გახლავთ ის, რომ შეიცვალა ტურნირის ლიდერი. იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის "დინამოსა" და "ვიტ-ჯორჯიას" დუელი ვეტერინართა გამარჯვებით დასრულდა, ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია სწორედ "ზესტაფონმა" დაისაკუთრა.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|