Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

22.09.2012

 

 

 

 

 

 

საშინაო მარცხი გორელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 22 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საქართველოს ეროვნული თასის მფლობელ გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” უმასპინძლა.

 

 

შეხვედრის დაწყების წინ "დავით აბაშიძეზე" მყოფმა მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ფიფას არბიტრ ლევან მიქელაძის ავტოავარიაში დაღუპული ოჯახის წევრების ხსოვნას ...

 

პირველი ტაიმის სადებიუტო ნაწილი სტუმართა აქტიურობით წარიმართა, თუმცა როინ კვასხვაძისთვის რაიმე განსაკუთრებული ხიფათი ამ აქტიურობას არ შეუქმნია. თანდათანობით ინიციატივას მასპინძლები დაეუფლნენ და მამუკა კობახიძესა და დავით რაჟამაშვილს ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობებიც შეექმნათ, თუმცა ამ შესაძლებლობების გამოყენება ახალგაზრდა ზესტაფონელებმა ვერ მოახერხეს...

 

მეორე ტაიმი მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტით დაიწყო - გიორგი კახელიშვილის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანის შესრულება ალექსანდრე გურულმა ითავა, მაგრამ მისი დარტყმული მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა. ამის შემდეგ ლევან შარიქაძემ და ირაკლი მოდებაძემ სახიფათო მომენტები გაცვალეს. კულმინაციური კი შეხვედრის 80-ე წუთი გამოდგა - დღევანდელ შეხვედრაში გორელთა რიგებში გამორჩეულად მოასპარეზე გიორგი კახელიშვილმა, რიკოშეტის დახმარებით, ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გადაგზავნა. მატჩის დასკვნითი ნაწილი იმით იყო საინტერესო, რომ მარგველთა რიგებში მოედანზე გამოჩნდა გუნდის მწვრთნელი დავით მუჯირი. მასპინძლებმა სცადეს მატჩის შემოტრიალება, თუმცა უშედეგოდ - ზესტაფონელთა მესამე მარცხი მიმდინარე სეზონში - 0-1.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გიორგი დარასელია (,,დილა’’) – ,,ვიცოდი, რომ ძნელი თამაში გველოდა. პირველ ტაიმში მეტოქე გვჯობდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა და ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.’’


დავით მუჯირი (,,ზესტაფონი’’) – ,,პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა პროტესტი გამოვხატო იმის მიმართ, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდებოდა. მეგონა ფეხბურთის ფედერაცია ამ ტურს გადადებდა. ამ ემოციურ ფონზე მატჩისთვის მომზადება გაგვიჭირდა. თანაც, საკადრო პრობლემებიც დაგვერთო და თამაშში ჩართვა მეც მომიწია. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. თუ გუნდს ჩემი მინდორზე დახმარება კვლავ დასჭირდება, მე გუნდის სამსახურში ვარ ნებისმიერ ამპლუაში.’’

 

 

22.09.2012. ”ზესტაფონი” - ”დილა” (გორი) 0-1

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 26 სექტემბერს მცხეთაში გამართავს. იმერელთა მეტოქე თბილისის საფეხბურთო კლუბი "ვიტ-ჯორჯია" იქნება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012