18.09.2012
ინტერვიუ დავით მუჯირთან
ამ ამპლუაში ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შემიძლია გუნდისთვის
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რამდენიმე დღეა დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დუეტმა ჩაიბარა. მწვრთნელთა დებიუტი ეროვნული ჩემპიონატის V ტურში შედგა ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ. წარმატებული გამოდგა მათი დებიუტი, "ზესტაფონმა" მეტოქე 0-2 დაამარცხა. მას შემდეგ, რაც იმერელთა დამრიგებლის პოსტი გია ჭიაბრიშვილმა დატოვა, მითქმა-მოთქმა არ წყდებოდა ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სავარაუდო კანდიდატების შესახებ. ბატონი ილია კოკაიას გადაწყვეტილბა მართლაც მოულოდნელი იყო, როცა ეს თანამდებობა გუნდისვე ფეხბურთელს ჩააბარა.
ჩემპიონს შემდეგ ტურში პრინციპული დაპირისპირება გათამაშების ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერთან - "დილასთან" ელის. სხვათაშორის, გორელებსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ - გიორგი დარასელია, რომელსაც ასევე წარმატებული გამოუვიდა დებიუტი - "დილამ" "დინამო" თბილისი 2-0 დაამარცხა.
Geosports.ge ზესტაფონელთა ახალ მწვრთნელს დავით მუჯირს ესაუბრა.
- პირველ რიგში, გილოცავთ წარმატებულ დებიუტს. მოქმედი ჩემპიონის მწვრთნელობა საპასუხისმგებლო საქმეა...
- მადლობა მოლოცვისთვის, მართლაც საპასუხისმგებლოა ამ თანამდებობაზე მუშაობა. მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ თითოეულ მატჩს გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პოსტზე დანიშვნის შემდეგ, მეორე დღესვე მოვიპოვეთ გამარჯვება, თუმცა ეს წარსულია და უკვე მომავალი მატჩისთვის ვემზადებით.
- "ზესტაფონში" თქვენს უახლოეს მეგობართან - ზაზა ზამთარაძესთან ერთად გადაწყვიტეთ მუშაობა...
- ზაზა ჩემი ბავშვობის მეგობარია, მთავარი ამ გადაწყვეტილების მიღების დროს იყო ის, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს. ნამუშევარია ეროვნულ ჩემპიონატში, იცნობს სპეციფიკას, გარდა ამისა სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მარტო ვერ შევეჭიდებოდი ამ საპასუხისმგებლო საქმეს. სამწვრთნელო პროცესის დაგეგმვა საკმაოდ რთულია, ზაზას აქვს ის თვისებები მწვრთნელისთვის, რაც მე მაკლია, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ამ ეტაპზე კლუბს სურდა ისეთი მწვრთნელის მოწვევა, რომელიც კარგად იცნობდა მოთამაშეებს და ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდებოდა ადაპტაციისთვის. გადავწყვიტეთ, რომ ამ ამპლუაში ყველაზე მეტი სარგებლის მოტანა შემეძლო გუნდისთვის. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო გამოცდილება მაკლია, ამიტომ გაკეთდა არჩევანი ზაზაზე.
- სამწვრთნელო შტაბში დარჩა თამაზ ოდიკაძე - მეკარეების მწვრთნელი...
- გვყავს სამი კარგი მეკარე, ერთი ეროვნულის, ერთი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაშია, მამალაძეს დიდი გამოცდილება აქვს. სამივე მეკარეს ძალიან კარგად იცნობს ოდიკაძე. შევეცდებით, რომ ისეთი შტაბი შევქმნათ, რომელიც გუნდის კეთილდღეობაზე იზრუნებს. ასე მგონია, რომ მასზე იდეალური ვარიანტი არ არსებობს. მისი წასვლის საკითხი არც დამდგარა. თამაზს ზაზასთანაც უმუშავია "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბში, არც ჩემთვისაა მასთან მუშაობა უცხო.
- ბატონმა ილია კოკაიამ საპასუხისმგებლო თანამდებობა ჩაგაბარათ, რა კონკრეტული მიზანი დაგისახათ?
- ჩვენ ორგზის ჩემპიონები ვართ, ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ამ ტიტულით გავდივართ სათამაშოდ. ეს ტიტული უნდა დავიცვათ და ფავორიტის როლი შევინარჩუნოთ. შემდეგ ტურებში უნდა დავიბრუნოთ მოწინავე პოზიციები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარჩენილ 17 ტურში, 1-ლი წრის დასრულებამდე თამაშიდან თამაშამდე მოვეზმადოთ და ლიდერის პოზიცია დავიბრუნოთ. ახლა მხოლოდ "დილასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტატუსი გვავალდებულებს, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის გავიდეთ მოედანზე.
- "ზესტაფონმა" შემტევი სათამაშო სტილი შეიმუშავა წლების განმავლობაში, გეგუჩაძისა და ჭიაბრიშვილის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში, ჩემპიონისგან ლამაზი ფეხბურთის თამაშს მიეჩვია მაყურებელი. თქვენ თუ აპირებთ ამ სტილის შენარჩუნებას ან შეცვლას?
- სტილის შეცვლა მაშინაა შესაძლებელი, როცა ამისთვის დრო გაქვს. მოსამზადებელ პერიოდში შეიძლება ცვალო ტაქტიკა, ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადო. ამ ეტაპზე იმ კონტიგენტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც გვყავს. რთულია ამ პერიოდში მუშაობა, ჩვენი ტქატიკა და სქემა უნდა მოვარგოთ ამ შემადგენლობას, კონკრეტული შეხვედრის წინ რომელი ფეხბურთელიც მზად იქნება, შესაბამისად შევარჩევთ სათამაშო სტილსაც.
- შემდეგ ტურში თქვენი მეტოქე "დილაა", პრინციპული დაპირისპირება გელით...
- ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის "დილა" დაკომპლექტებული, ჩემპიონობის მაძიებელი გუნდია. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ამ თამაშისთვის, შევეცდებით ძლიერ მეტოქესთან კარგად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენთვის ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანში დადებითი შედეგის ჩვენებას ვეცდებით. კონკურენცია გაზრდილია ჩემპიონატში, ამიტომ ძლიერ მეტოქესთან გამარჯვება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.
ამ ეტაპზე ჩვენთვის უმთავრესია, თამაშიდან თამაშამდე გუნდმა პროგრესი განიცადოს და შედეგს მიაღწიოს. ჩვენი სურვილია, ამ გადატვირთულ გრაფიკში, რომელიც ზამთრის შესვენების პერიოდამდე გველის, სასურველი პოზიციები დავიკავოთ გათამაშების ცხრილში.
|