17.09.2012
სპონტანური გადასვლა ახალ ტალღაზე
საერთოდ, ბოლო წლებში მსოფლიო ფეხბურთში აშკარად გამოკვეთილია ახალგაზრდა მწვრთნელებისადმი ნდობის ტენდენცია. ეს საქართველოშიც იგრძნობა და არაერთი მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია, როცა სრულიად გამოუცდელი (მწვრთნელობაში) ახალგაზრდა კაცი ჩასდგომია გუნდს სათავეში და უნარიანადაც უმუშავია – მაგალითად, თუნდაც გიორგი დევდარიანი თბილისის “თბილისში”, გიორგი კიკნაძე-ზაზა ზამთარაძის დუეტი რუსთავის “ოლიმპში”, გელა სანაია თბილისის “ლოკომოტივში”.
და მაინც, დავით მუჯირის “ზესტაფონში” დანიშვნა განსაკუთრებული შემთხვევაა. “მუმუ” ერთ დღეს იმერული გუნდის ფეხბურთელი გახლდათ და უცებ, მეორე დღეს მწვრთნელი გახდა. თანაც, მუჯირი რიგითი მოთამაშე ნამდვილად არ ყოფილა – კარგი კარიერა ჰქონდა სხვადასხვა კლუბებში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც არ თამაშობდა ურიგოდ.
მუჯირი და ზაზა ზამთარაძე – “ზესტაფონს” დუეტი წვრთნის და დებიუტიც კარგი ჰქონდათ: ფოთის “კოლხეთთან” სტუმრად 2:0. “მუმუმ” გვითხრა, ზამთარაძის ფაქტორი რომ არა, მწვრთნელობაზე ნამდვილად უარს ვიტყოდიო. 34 წლის მუჯირი “მსოფლიო სპორტის” რესპონდენტია:
- კულუარებში გვესმოდა, მუჯირი თამაშს მალე თავს დაანებებს და “ზესტაფონის” ხელმძღვანელობაში იმუშავებსო. თუმცა, მწვრთნელი გახდით. მწვრთნელობის იდეა როდის დაგებადათ?
- სპონტანურად მოხდა. გუნდი აგვისტოში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა და ხელმძღვანელობამ აქტიური ძებნა დაიწყო. დიახ, “ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიასთან საუბარი მქონდა, რომ კარიერას მალე დავასრულებდი და ხელმძღვანელობაში გადავინაცვლებდი. ვეძებდით ისეთ მწვრთნელს, რომელიც კარგად იცნობდა საქართველოს ჩემპიონატის სპეციფიკას, რადგან ჩემპიონატი დაწყებული იყო, ახალ წლამდე კიდევ 18 ტური იყო სათამაშო. პარასკევს პირველი ვარჯიში ჩავატარეთ, შემდეგ ინდივიდუალური გასაუბრება გვქონდა ფეხბურთელებთან, შაბათს კი “კოლხეთს” ვეთამაშეთ. ახალი კაცის სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა და გუნდის გაცნობა დროს მოითხოვდა. სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი. მე და ზაზა ზამთარაძე აღმოვჩნდით ის ადამიანები, რომლებსაც ნდობა გამოგვიცხადეს. ორივენი კარგად ვიცნობთ საქართველოს ჩემპიონატს. ალალად ვიტყვი: ზამთარაძე რომ არ მყავდეს გვერდში, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი. არ დავმალავ, ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ფეხბურთელის კარიერის დასრულება გამიჭირდა. არ იყო იოლი.
- გუშინ ერთად თამაშობდით და ვარჯიშობდით, დღეს კი ამ ფეხბურთელებისთვის უფროსი ხართ და ბრძანებების მიცემა გიწევთ. უხერხულად ხომ არ იგრძენით თავი?
- ყველა მათგანი პროფესიონალია. დიახ, ძნელია, როცა ერთ დღეს ვარჯიშობ მათთან ერთად, მეორე დღეს კი მათ შენი თხოვნისა და თუნდაც ბრძანების შესრულება უწევთ. თუმცა, ახლა უხერხულობაზე საუბრის დროც არაა. ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს “ზესტაფონისთვის” და ეს ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ.
- გასაგებია, რომ ამ ეტაპზე სპონტანურად დაინიშნეთ მწვრთნელად, მაგრამ ადრე ამაზე არასოდეს გიფიქრიათ სეროზულად?
- არ მოგატყუებთ და ნამდვილად არ მიფიქრია. ერთი თვის წინ რომ ეთქვათ, სექტემბერში მწვრთნელი გახდებიო, ვერ დავიჯერებდი. თუმცა, ასეთია ცხოვრებაა.
- ჯერჯერობით, სალიცენზიო კურსებზე სიარულის დროც არ გექნებათ...
- დეკემბრის ბოლომდე ეს წარმოუდგენელია. ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, მათ თაბისებურებებს ყოველთვის ვაკვირდებოდი და ეს ერთგვარი გამოცდილებაა. მადლობა ჩვენს წინამორბედებს, რომ დალაგებული გუნდი დაგვხვდა. ეს სამუშაოს შედარებით გააადვილებს.
- გერმანელი პატრიკ მილხრაუმი თქვენი კავშირებით ჩამოიყვანეთ “კარლსრუედან” “ზესტაფონში”. ზოგადად, უცხოურ ფეხბურთში ბევრს პირადად იცნობთ, ამდენ გუნდში გითამაშიათ და კიდევ იქნება მსგავსი შენაძენები?
- ჯერჯერობით, ძალიან ძნელია ამ ეტაპზე თავისუფალი აგენტების მოძიება. თუ მოვლენ, მხოლოდ ისეთები, რომლებიც რეალურად გააძლიერებენ გუნდს. ვიმედოვნებთ, რომ ზამთრამდე ეს ბიჭები კარგ ფეხბურთსა და შედეგს აჩვენებენ. ზამთარში კი შევხედავთ სიტუაციას. მაგალითად, თავდასხმაში დვალი და ოვონიკოკო აღარ გვყავს, მეც აღარ ვთამაშობ. ძნელია, მაგრამ დადებითი მხარე ისაა, რომ კვერნაძე, წინამძღვრიშვილი და სხვები გამოჩნდებიან. სამწუხაროა, რომ პატრიკს ტრავმა აქვს. უახლოეს ტურებში ვერ დაგვეხმარება, კუნთი აქვს დაზიანებული. ასევე, თორნიკე გორგიაშვილი დაგვაკლდება ერთი თვით, რაც სერიოზული დანაკლისია. გორის “დილასთან” უახლოეს ტურში 3 ყვითელი ბარათის გამო არ გვეყოლებიან თემურ ღონღაძე და თედო გრიგალაშვილი. სხვა ახალგაზრდებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.
- “ზესტაფონის” მიზანი კვლავაც ჩემპიონობაა?
- დიახ. დიდი გზაა გასავლელი და კარგია, რომ სხვა გუნდები ძლიერდებიან. ამას მხოლოდ მივესალმები. ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს და იმედია, საჩემპიონო ბრძოლაც ჯანსაღ გარემოში გაიმართება. სწორედ ამის წყალობით ითამაშებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე ღირსეულად.
- შეადარეთ საქართველოს ორი წლის წინანდელი ჩემპიონატი (ანუ, როცა თბილისის “დინამოში” იყავით რამდენიმე თვე) და დღევანდელი. უკეთესობა იგრძნობა?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ სულით დინამოელი ვარ და გული მტკიოდა იმ სიტუაციაზე, რაც 2010 წელს იყო გუნდში. ძალიან მიხარია, რომ რომან ფიფიას სახით, “დინამოს” კარგი მეპატრონე გამოუჩნდა. კარგია, რომ “ტორპედოც” გაძლიერდა და აშკარაა, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ჩემი სურვილია, რომ უმაღლესში 12-ივე გუნდი ძლიერი იყოს.
- შემდეგ ტურში “დილას” ეთამაშებით...
- მართლაც კარგი გუნდია “დილა”, ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ. რთული მატჩი გველის და ვნახოთ.
- როგორი მწვრთნელი იქნება დავით მუჯირი? როგორი ფეხბურთი მოსწონს?
- შორს ვარ იმ აზრისგან, თითქოს მწვრთნელი ყველა გუნდში ერთნაირ ტაქტიკას უნდა არჩევდეს. ეს გუნდის კონტინგენტმა უნდა გიკარნახოს. ჩემთვის არ არსებობს ასაკოვანი და ახალგაზრდა. ვინც დაიმსახურებს, ის ითამაშებს. ტაქტიკა კი, როგორც უკვე ვთქვი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ყაიდის ფეხბურთელები გყავს. ანუ, პირველი ტალღა ფეხბურთელებისგან უნდა წამოვიდეს.
- ფეხბურთელის კარიერა დაასრულეთ. ახლა, როცა უკან იხედებით, როგორ ფიქრობთ – ითამაშეთ ის ფეხბურთი, როგორიც გსურდათ? ბევრ რამეზე გწყდებათ გული?
- ჩემი სათამაშო სტილისა და აღნაგობიდან გამომდინარე, ბევრს უთქვამს, ზარმაციაო. არასწორია. ძალიან ბევრი ვიშრომე, სხვებზე მეტად მიჭირდა ფიზიკური ვარჯიშების ატანა და სირბილი, მაგრამ ვიტანდი. 2004 წელს ავსტრიაში სამედიცინო შემოწმების შემდეგ მითხრეს, სჯობს, ფეხბურთს თავი დაანებოო.
- ასე რთულად იყო საქმე?
- დიახ. ჩემი ფიზიკური მონაცემები იყო სხვებზე ცუდი. “კრილიაში” მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რომ ნახა ჩემი ფიზიკური ტესტი, გაუკვირდა, ამ კონდიციებით ასეთ დონეზე როგორ თამაშობო. ვიჭირვებდი, ვშრომობდი და ამიტომ ვთამაშობდი. ეს დამწყები ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს. ბევრი კარგი თამაში ჩამიტარებია, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი არ იყო ჩემთვის უცხო, თუმცა, მაინც იყო ისეთი, რაზეც გული მწყდება. ოცნება ვერ ავიხდინე.
- ?
- ის, რაც ყველა ფეხბურთელს სურს. საქართველოს ნაკრებთან ერთად ფინალურ ეტაპზე არასოდეს მითამაშია. ვერც “რეალსა” თუ “ბარსელონაში” მოვხვდი.
|