Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.09.2012

 

 

 

 

 

 

სტუმრობა ფოთში და წარმატებული დებიუტი

 

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”კოლხეთმა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 


როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი შეხვედრა ზესტაფონელთა მწვრთნელთა დუეტისათვის (დავით მუჯირი და ზაზა ზამთარაძე) სადებიუტო გახლდათ. უნდა ითქვას, რომ სტუმართათვის ეს მატჩი უსიამოვნო ეპიზოდით და იძულებითი ცვლილებით დაიწყო - უკვე 4-ე წუთზე გუნდის გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მიხრაუმმა ფეხი იტკინა და გამოსაცვლელი გახდა, მის ნაცვლად მოედანზე ლევან შარიქაძე შევიდა...

 

პირველივე წუთებიდან მოყოლებული ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას “ზესტაფონი” დაეუფლა. სტუმრებმა ფოთელთა კართან რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს, თუმცა გოლის გატანაში იმერლებს ხელს გოლკიპერ არდალიაონ მიქაბერიძისა და ფოთელთა დაცვის ხაზის საიმედო თამაში უშლიდა. თავის მხრივ, მასპინძლები ოპონენტის შეწუხებას "სტანდარტების" მეშვეობით ცდილობდნენ, მაგრამ იმერელთა საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებს როინ კვასხვაძისათვის სერიოზული დისკომფორტი არ შეუქმნია. ტაიმის მიწურულს გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ფოთელებმა სტუმართა კართან სახიფათო სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გააცუდეს, ხოლო საპასუხო შეტევის გოლით დაგვირგვინება შოთა ბაბუნაშვილს მართებდა...


მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, მაგრამ თანდათანობით უპირატესობა ხელთ ისევ მარგველებმა იგდეს და 64-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა - ლევან შარიქაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ფოთელთა საჯარიმოში შოთა ბაბუნაშვილი შეიჭრა და თავის გუნდი აუღებელი დარტყმით დააწინაურა.

 

ამის შემდეგ ფოთის ცენტრალური სტადიონის მწვანე მინდორზე ღია ფეხბურთი გაჩაღდა. ანგარიშის შეცვლასთან უფრო ახლოს ისევ სტუმრები იყვნენ და მას შემდეგ, რაც კარგი საგოლე შანსები დავით რაჟამაშვილმა და შოთა ბაბუნაშვილმა გააცუდეს, მატჩის არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე დღევანდელ დაპირისპირებაში საბოლოო წერტილი ახალგაზრდა ოთარ კვერნაძემ დასვა. ზესტაფონელთა მწვრთნელთა დუეტის წარმატებული დებიუტი და გუნდის მნიშვნელოვანი გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

დავით მუჯირი (“ზესტაფონი”): "რა თქმა უნდა, გამარჯვება სასიხარულოა, მით უფრო, რომ ჩემთვის ეს პირველი თამაში იყო მწვრთნელის რანგში. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს გარჯისთვის. სანამ გუნდში ვიქნები, ახალგაზრდებს და გამოცდილ ფეხბურთელებს ერთნაირად მივცემ თავის გამოჩენის საშუალებას. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ. მეტოქეს  საგოლე მომენტი არ შევაქმნევინეთ”.
დავით მახარაძე (“კოლხეთი”): "კოლეგას წარმატებულ დებიუტს ვულოცავ. ძალიან გვიჭირს სატურნირო ცხრილში. ვეცადეთ ჩემპიონისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. მეტოქემ მეორე ტაიმში გვაჯობა. იმასაც ვიტყვი, პირველი გაშვებული ბურთის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა უნებისყოფოდ ითამაშა”.

 

 

15.09.2012 ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 0-2

დაწვრილებით:

 

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 სექტემბერს გამართავს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში იმერლები გორის ”დილას” უმასპინძლებენ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012