2012 წლის 14 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრეს-კონფერენცია გაიმართა. მარგველთა სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ჩემპიონთა სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები წარუდგინა.
დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ზაზა ზამთარაძისა და დავით მუჯირის მწვრთნელთა დუეტი უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2013 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა მხარეთა თანამშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობა არც შემდგომშია გამორიცხული.
დღეს ზაზა ზამთარაძემ და დავით მუჯირმა პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს, ახალ ამპლუაში სადებიუტო შეხვედრას კი ხვალვე გამართავენ - საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” ესტუმრებიან.