12.09.2012
ჩემპიონს ნაკრებისათვის ფეხბურთელთა მიწოდება დაუფასდა
უეფასგან თბილისის "დინამოს" 46 122 ევრო ერგება, "ზესტაფონს" - 79 665
ევროპის კლუბთა ასოციაცია (ECA) - ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც G 14-ის ბაზაზე შეიქმნა და რომელსაც კარლ-ჰაინც რუმენიგე თავკაცობს.
ამ ორგანიზაციის მუშაობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა: გაიზარდა უეფას სოლიდარობის თანხა იმ კლუბებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე.
ამ ორგანიზაციის დამსახურებაა, კლუბებიდან ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს ფიფა და უეფა რომ აზღვევს. ამ ორგანაზიამ იმდენი ქნა, რომ ფიფა და უეფა კლუბებს იმისთვისაც უხდიან ფულს, რომ მათი ფეხბურთელები ფიფას და უეფას სანაკრებო ტურნირებში თამაშობენ.
თუ ფეხბურთელი ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, შესაბამისად უეფა და ფიფა კლუბს სოლიდურ თანხას უხდის იმის მიხედვით, თუ რამდენ მატჩს ითამაშებს ეს ფეხურთელი ნაკრებში.
რაც ეს წესი შემოვიდა, ქართული კლუბებიდან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არავის უთამაშია, ევროპის 2012 წლის შესარჩევში კი თბილისის "დინამომ" და "ზესტაფონმა" მიაწოდეს ფეხბურთელები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და უეფამაც გამოთვალა, თუ რა თანხა გადაურიცხოს ამ კლუბებს: "დინამოს" 46 122 ევრო შეხვდება, "ზესტაფონს" კი - 79 665.
ამ ქართული კლუბებისთვის ეს თანხა შესაძლოა ბევრს არ ნიშნავდეს, ოღონდაც ფაქტია, რომ ევროპის კლუბთა ასოციაციის მიზანმიმართული მუშაობით ჩვენ კლუბებსაც გაუჩნდათ შემოსავლის დამატებითი წყარო.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) წევრობით თავს მხოლოდ 3 ქართული კლუბი (თბილისის "დინამო", "ვიტ-ჯორჯია" და "ზესტაფონი") იწონებს (საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური)
|