11.09.2012
"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” ესტუმრებიან.
როგორც აქამდეც მოგახსენეთ, ზესტაფონელები როინ კვასხვაძე და თორნიკე გორგიაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანელებთან დღეს გასამართი მატჩისთვის ქვეყნის უპირველეს გუნდში ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, კახაბერ მეშველიანსა და თედო გრიგალაშვილს, რომლებმაც ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ესტონელ თანატოლთა წინააღმდეგ წარმატებით იასპარეზეს, სამივე ეს ფეხბურთელი გუნდს უკვე დაუბრუნდა და, სხვებთან ერთად, დღეს ზემოიმერული კლუბის ბაზაზე ამ ბიჭებმაც ივარჯიშეს.
შაბათს, 15 სექტემბერს, მარგველები საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს ფოთში ჩაატარებენ. ზღვისპირა ქალაქის სტადიონ "ფაზისზე" 16:00 საათზე გასამართ მეხუთე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეტოქე ადგილობრივი "კოლხეთი-1913" იქნება.
აქვე გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
|