საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადრებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ამხანაგური მატჩები გამართეს. ზესტაფონელთა ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდა.
ამ ერთი თვის წინ გამართული ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრის მსგავსად, მასპინძლებმა მარტვილელი სტუმრების დამარცხება ახლაც მოახერხეს. მატჩის დებიუტშივე ზესტაფონელებმა ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება შეძლეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ჩემპიონთა გერმანელი ლეგიონერის პატრიკ მილხრაუმის შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგ თამაშსა და ზუსტ გადაცემებს მოჰყვა - 4-ე წუთზე გოლი დავით რაჟამაშვილმა გაიტანა, ხოლო 7-ეზე მასპინძელთა უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი შოთა ბაბუნაშვილმა გახადა.
ასეთი დასაწყისის მიუხედავად, "მერანმა" ფარ-ხმალი არ დაყარა და პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშის "დასველება" მოახერხა - შეხვედრის 34-ე წუთზე მარტვილელი გიორგი რეხვიაშვილის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმული მასპინძელთა გოლკიპერ ზურაბ მამალაძისთვის აუღებელი გამოდგა.
ანგარიშში მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იქნა აღდგენილი - 47-ე წუთზე მიზანს მიშიკო სარდალიშვილის დარტყმამ მიაღწია. 75-ე წუთზე კი სტუმართა მცველებს ოთარ კვერნაძე გაექცათ და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში დიდამდეც გაზარდა. ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 4-1.