Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

06.09.2012

 

 

 

 

 

 

მარგველებმა მზადება დაიწყეს

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მოახლოვებული მატჩებისათვის ემზადება. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის პირველობის მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” ესტუმრებიან.

 

გუშინ და დღეს ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა საკუთარი ბაზის მწვანე მინდვრებზე ივარჯიშა. ფუნქციონალურ მომზადებაზე გათვლილი ვარჯიშის სასტარტო ნაწილის დასრულების შემდეგ, აქცენტი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ღონისძიებებზე იქნა გადატანილი ...

 

ვარჯიშს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა... როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ბელორუსისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან გასამართი მატჩებისთვის 2 ზესტაფონელი (როინ კვასხვაძე და თორნიკე გორგიაშვილი) ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება მამუკა კობახიძეს, კახაბერ მეშველიანსა და თედო გრიგალაშვილს, დღეს სამივე ამ ფეხბურთელმა ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ესტონელთა 21-მდელთა ნაკრების ძლევაში მიიღო მონაწილეობა.

 

შაბათს, 8 სექტემბერს, ზემოიმერლები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. სანაკრებო მატჩების გამო წარმოქმნილი პაუზის "შესავსებად" დაგეგმილ სპარინგ-მატჩში, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართება, ქვეყნის ჩემპიონთა მეტოქე მარტვილის ”მერანი” იქნება.

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005