Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

02.09.2012

 

 

 

 

 

 

ჩემპიონი ქულებს ისევ კარგავს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლა.

 

 

 

შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში მილხრაუმ-რაჟამაშვილის კომბინაციის შედეგად ანგარიში უნდა გახსნილიყო - ზესტაფონელებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს, არ ვარგოდა მხოლოდ ბოლო დარტყმა. მალევე საგოლე შანსი თედო გრიგალაშვილს მიეცა, თუმცა ბათუმელები მცველმა გადაარჩინა. მალევე დავით მუჯირმა ზუსტი გადაცემით ზღვისპირელთა გოლკიპერთან პირისპირ თორნიკე აფციაური დატოვა - მეკარემ დარტყმა ფეხით მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს საგოლე შესაძლებლობები ერთმანეთის მიყოლებით ვერ გამოიყენეს ლევან შარიქაძემ, თორნიკე გორგიაშვილმა და თორნიკე აფციაურმა...

 

მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ზესტაფონელთა იერიშებს შეხვედრის პირველი ნახევრისათვის დამახასიათებელი სიმწვავე დააკლდა. მეტიც, ბათუმელებს დიასამიძესა და ტიმჩიშინს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, მასპინძლები უფრო სერიოზულ უსიამოვნებებსაც გადაეყრებოდნენ. მატჩს მიწურულს ზესტაფონელებმა სტუმართა კართან შტურმიც კი მოაწყვეს, თუმცა დინამოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ზემოიმერელთა შეტევებს გაუძლეს და ჩემპიონთან მეტად საპატიო ფრეს მიაღწიეს - 0-0.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გია გურული (“დინამო” ბათუმი): “კარგი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდს შეეძლო მოგება. “ზესტაფონში” ქულის აღება ჩვენი გუნდისათვის წარმატებაა. საკმაოდ გაუჭირდათ ბიჭებს, მაგრამ იბრძოლეს და ქულაც ავიღეთ. ჩვენს მეტოქეს კარგი მოთამაშეები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ თამაშის შემობრუნება და მატჩის ბედის გადაწყვეტა, თუმცა, ბოლოსკენ ჩვენ რომ გვეყოჩაღა, მოგებაც კი შეიძლებოდა”.    


გიორგი ყიფიანი (“ზესტაფონი”): “საკმაოდ რთული და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც კინაღამ დავისაჯეთ კიდეც. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ორკვირიანი პაუზა, რათა გუნდმა უკეთ შეძლოს ასპარეზობა”..

 

02.09.2012. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (ბათუმი) 0-0

დაწვრილებით:

 

 

 

შემდეგ მატჩს "ზესტაფონი" მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ფოთში გამართავს. იმერელთა მეტოქე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "კოლხეთი-1913" იქნება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012