Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

28.08.2012

 

 

 

 

 

პატრიკ მილხრაუმი: "თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინო"

 

 

 

 

 

 

 

 

პატრიკ მილხრაუმი პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს (მანამდეც თამაშობდა გერმანული პასპორტით ერთი შავკანიანი ფეხბურთელი, მაგრამ ეროვნებით არაგერმანელი). "ზესტაფონის" ახალწვეულს გერმანიაში სხვადასხვა დონეზე უთამაშია, მათ შორის ბუნდესლიგაშიც. საქართველოს ჩემპიონის რიგებში, მან იმთავითვე მოახერხა გუნდის ძირითადში ადგილის დამკვიდრება და პირველივე მატჩში, მარტვილის "მერანთან", დებიუტი გოლით აღნიშნა... Geosports.ge პატრიკ მილხრაუმს გაესაუბრა. საუბარი მისი პირველი შთაბეჭდილებებით დავიწყეთ.

 

 

 

- ძალიან მომწონს აქაურობა. ჩამოსვლამდე ბევრი ნამდვილად არ ვიცოდი ზესტაფონის შესახებ. მას შემდეგ რაც ჩემმა ყოფილა თანაკლუბელმა "კარლსრუეში", ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა და მკითხა, ვისურვებდი თუ არა "ზესტაფონში" თამაშს, დავიწყე ინტერნეტით ინფორმაციის შეგროვება და გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი. არჩევანს კი ნამდვილად არ ვნანობ. კარგ გუნდში მოვხვდი, სადაც ბევრი კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელია. კონტრაქტი დეკემბრის ბოლომდე მაქვს და დანარჩენს უკვე მომავალი გვიჩვენებს. პირველ თამაშებს რაც შეეხება, "მერანთან" მართლა კარგად ვითამაშეთ და 3 ქულაც მოვიპოვეთ, რასაც ვერ ვიტყოდი შემდეგ დაპირისპირებებზე, რომლებიც ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. წინ კიდევ ბევრი დაპირისპირება გველის, ამიტომ ჩვენი მიზანია, ყველა მომდევნო ტურში უკეთ ვიასპარეზოთ ვიდრე წინაში.

 

- თქვენ უკვე სამ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა და გოლის გატანაც მოახერხეთ, რა იტყოდით ჩვენი ჩეპიონატის შესახებ და რა პარალელების გავლება შეგიძლიათ ქართულ და გერმანულ ფეხბურთს შორის?

- რა თქმა უნდა, გერმანიის ბუნდესლიგასთან შედარება არ შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ აქ ფეხბურთი უყვართ და საკმაოდ კარგადაც შეუძლიათ გუნდებს თამაში, როგორც ტაქტიქურად, ასევე ტექნიკურად. გერმანიაში უფრო მეტი ბრძოლა და სირბილი გიწევს, აქ შედარებით ნაკლებად. გერმანიაში ფეხბურთი უფრო მეტად სამსახურია, აქ უფრო მეტად თამაში. თუმცა ისევე როგორც ჩვენს გუნდს, სხვა გუნდებსაც შესწევთ ძალა კარგი დონის ფეხბურთი ითამაშონ.

 

- თქვენს მიერ განვლილ კარიერას როგორ გაიხსენებდით?

- კარიერა შტუტგარტის "კიკერსში" დავიწყე, შემდეგ იყო "მიუნხენ-1860", დიდი ტრადიციების ქალაქი და კლუბი, სწორედ აქ გატარებული პერიოდი მახსენდება ყველაზე კარგად. შემდეგ იყო "ააჰენი", შემდეგ "აუე". თუმცა აქ გადასვლიდან მეორე დღეს მუხლის ტრამვა მივიღე და იქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. შემდეგ მცირე პერიოდი გავატარე "კარლსრუეში". ახლა ყველაფერი წესრიგშია. შანსი მომეცა უცხო ქვეყანაში ვითამაშო და დიდი იმედი მაქვს "ზესტაფონში" საუკეთესოდ შევძლებ თავის წარმოჩენას.

 

- ზესტაფონელ ფანებზე რას იტყოდით, ამ ქალაქში ხომ ძალიან უყვართ ფეხბურთი და თავიანთი კლუბი?

- "ზესტაფონს" მცირერიცხოვანი (გერმანული საზომით), მაგრამ გულმხურვალე ფანები ჰყავს, რომლებიც აქტიურად გვიჭერენ მხარს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენი წარმატებებით ბედნიერება მივანიჭოთ.

 

- თქვენი აზრით რა იქნება ამ სეზონში კლუბის მთავარი მიზანი?

- ეს სეზონი ნამდვილად არ იქნება ადვილი, ჩვენ კლუბი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, სხვა გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ, ამიტომ ბევრი გვაქვს სამუშაო და თავი არ უნდა დავზოგოთ. რადგან "ზესტაფონი" მოქმედი ჩემპიონი და ამბიციური კლუბია, რომელსაც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის უწევს ბრძოლა. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და დანარჩენს უკვე დრო გვანახებს...

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით ...

მალხაზ გედევანიშვილი, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012