27.08.2012
დუბლიორთა ზედიზედ მესამე გამარჯვება
2012 წლის 26 და 27 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მესამე ტურის მატჩები. დღეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე ადგილობრივი კლუბის მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, რობაქიძე, შარვაძე, ჯიქიძე, შალამბერიძე (ჯუღელი, 64), გაჩეჩილაძე (ეგუტიძე, 58), კიკნაველიძე, ჭანტურიშვილი, ხუჯაძე, ღირდალაძე.
შეხვედრის სადებიუტო ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ზესტაფონელი შარვაძის თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმებულ გოლს ქუთაისელთა საგოლე კონტრაქცია მოჰყვა - შეხვედრის 8-ე წუთზე თემურ მარკოზაშვილი მარგველთა გოლკიპერ კახა მეშველიანთან პირისპირ აღმოჩნდა და თავის შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.
მასპინძელთა გოლს ზესტაფონელებმა 30-ე წუთზე უპასუხეს - თავი ბერდია შარვაძემ გამოიჩინა. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ შეხვედრაში გატანილი გოლი მარგველთა ფორვარდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი რიგით მეექვსე გოლია. სასიამოვნოა, რომ დუბლიორთა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ბერდია შარვაძე ერთპიროვნულად უდგას სათავეში.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს - 48-ე წუთზე ქუთათურთა კარში დანიშნული პენალტი გოლად ნიკა შალამბერიძემ აქცია. ამის შემდეგ უპირატესობა ხელთ ზესტაფონელებმა იგდეს და 81-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში ქუთაისელებმა შეძლეს, მატჩის ბოლო წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით მამია გავაშელიშვილის მიერ გატანილი ბურთი გახლდათ - 2-3.
ზესტაფონელებმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმეს და თბილისის დინამოელებთან ერთად უდანაკარგოდ ლიდერობენ ჩემპიონატს.
|