მიმდინარე წლის 26 აგვისტოს საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ტურის დასკვნით შეხვედრაში ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ტორპედომ” საქართველოს ჩემპიონ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა...
მორიგი იმერული დერბი სანახაობრივი და ჩვეულად დაძაბული გამოდგა - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და საქართველოს მესამე გუნდის დაპირისპირების პირველი ნახევარი მასპინძელთა კარნახით წარიმართა, მეორე ნახევარში კი გუნდები სათამაშო უპირატესობას მონაცვლეობით ეუფლებოდნენ და ცხადია, ასეთ თამაშში ერთმანეთის კართან ხიფათსაც საკმაო ოდენობით ჰქმნიდნენ. ამის მიუხედავად, ორივე კოლექტივის შეტევის ხაზში აქტიურობა კარგა ხანს უშედეგო გახლდათ.
ის, რაც არ მოხერხდა მატჩის ძირითადი დროისათვის განკუთვნილ 90 წუთში, მოხდა დღევანდელი მატჩის არბიტრ თორნიკეგვანცელაძის მიერ კომპენსირებულ დროში - ერთადერთი და ქუთათურთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი დათუნაიშვილმა მესამე დამატებულ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გია ჭიაბრიშვილი (“ზესტაფონი”): “როგორც ყოველთვის, საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. გვქონდა გასატანიც და გასაშვებიც. მეტოქემ მშვენივრად ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ამით ყველაფერი არ სრულდება. დროა საჭირო, გუნდი უკეთ რომ შეთამაშდეს, განსაკუთრებით დაცვის ხაზი. “ზესტაფონი” კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს”. გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “საინტერესო მატჩი გამოდგა, რომელშიც წესით, გოლები მრავლად უნდა გასულიყო. ორივე გუნდმა ღია და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა. ვფიქრობ “ტორპედომ” უფრო მოინდომა და გამარჯვებაც ამის შედეგია”.