22.08.2012
ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
“ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ ჯაბა დვალით ძალიან კმაყოფილი იყო, მაგრამ თავად ფეხბურთელს ჰქონდა სურვილი, თავი ახალ გარემოში გამოეცადა.
- როდესაც ფეხბურთელი გუნდში 4 წელიწადი თამაშობს და ასეთ ასაკშია, უნდა რაღაც ახალი გამოცადოს. ჩემთვის უკეთესი იყო, ჯაბას დონის თავდამსხმელი მყოლოდა, რადგან ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ჩვენ მისი წასვლის სურვილი არ გვქონია. უბრალოდ, ჯაბამ ჩათვალა, რომ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და სხვა კლუბში უნდოდა თავი გამოეცადა. სიმართლე გითხრათ, მისი ძალიან კმაყოფილი ვიყავი. სურვილი მაქვს, ჯაბას დონის ძლიერი ფეხბურთელი დავიმატოთ.
- მუშაობა მიმდინარეობს, რომ მისი შემცვლელი იპოვოთ?
- გაჩერებული არ ვართ და სელექციაზე მუდმივად ვფიქრობთ. ის ფაქტი, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, არ ნიშნავს, რომ შედეგს ერთი-ორი წლის მერე ველოდებით. ეს ახალგაზრდა მოთამაშეები შედეგს მართლაც აჩვენებენ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ გავძლიერდეთ და დავბალანსდეთ. ამ საქმეში ჩართულია როგორც კლუბის სპორტული დირექტორი, ასევე ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი. ფეხბურთელებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ვეძებთ.
- კლუბიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლის გამო, შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაგიჭირდეთ...
- ეს ძალიან რთული მომენტია. რაც არ უნდა ძლიერი ფეხბურთელები მოიყვანო, გუნდს დრო სჭირდება, რომ შეთამაშდეს და თავისი სახე მიიღო. მუდმივი არაფერია. იყო დრო, რომ “ზესტაფონი” შედარებით დაბალ დონეზე თამაშობდა, შემდეგ საქართველოში ყველაზე ძლიერი კლუბი გახდა. უბრალოდ, რაღაც შესაცვლელი იქნება, რომ მივიღოთ ისეთი “ზესტაფონი”, რომელიც სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებს. გულშემატკივრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სურვილია, ძლიერი გუნდი გვყავდეს და კლუბის ხელმძღვანელობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
- რუსი თავდამსხმელის, დმიტრი ვასილიევის გუნდში დარჩენის საკითხი თუ გადაწყდა?
- ვასილიევის საკითხს 3-4 დღეში გადავწყვეტთ. მას ტრავმა ჰქონდა და გუნდთან ერთად ვარჯიში ახლა დაიწყო.
|