21.08.2012
მადლობა, ჯაბა!
|
ჯაბა დვალი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფორვარდი, საქართველოს გასული ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი, იმერულ კლუბსა და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა დვალს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება კვლავაც აკავშირებდა, იმერულმა კლუბმა თავად ფეხბურთელის სურვილი გაითვალისწინა და მიიღო გადაწყვეტილება, 2011-2012 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გასხვისების შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა დვალი ზესტაფონელთა რიგებში 2009 წლის 10 ივნისს ჩაირიცხა და განვლილი პერიოდის განმავლობაში ზემოიმერულ კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, ხოლო ბოლო ორ სეზონში ჩემპიონის ორი "ოქროც". ჯაბა დვალი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს - ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 44 გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 12 გოლი, გასულ სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ...
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მადლობას უხდის ჯაბა დვალს ჩვენი გუნდის მაისურით თავდადებული და შედეგიანი ასპარეზობისათვის და წარმატებას უსურვებს მას ახალ კლუბში!
|